მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შეიცვალა მიწის გასხვისებს შესახებ კანონპროექტში?

5cfe46fb7e404
ელენე გოგბერაშვილი
10.06.19 16:01
1382
"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ" ორგანული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამის შემდეგ დოკუმენტი დაკორექტირდა და მასში რიგი მუხლები შეიცვალა, პუნქტების ნაწილი კი ამოიღეს.

გადამუშავებულ კანონპროექტში მე-4 მუხლის მე-3 ქვეპუნქტი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია, ავალდებულებდა მიწაზე საკუთრების წარმოშობიდან 2 წლის ვადაში მოეხდინათ მისი გასხვისება, საერთოდ ამოიღეს.

კანონპროექტიდან ამოღებულია ამავე მუხლის მე-4 ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მათ საკუთრების უფლება არ წარმოეშობოდათ 5–კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში, ან განსაკუთრებული რეგულირების ზონაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებზე.

კანონის გადამუშავებულ ვარიანტში კვლავ შენარჩუნებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საინვესტიციო გეგმით გათვალისიწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 1 წლის ვადაში უნდა მოახდინოს მიწის ნაკვეთის გასხვისება.

რაც შეეხება მემკვიდრეობით მიღებულ მიწას, წინა ვარიანტისგან განსხვავებით მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი საერთოდ ამოიღეს, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობით მიღებული მიწის უცხოელი მესაკუთრე ვალდებული იყო ის დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ის ვალდებული იყო აღნიშნული ნაკვეთი 3 წლის ვადაში გაესხვისებინა.

კანონპროექტის მიხედვით, ვალდებული პირის მიერ მიწის გაუსხვისებლობის შემთხვევაში მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებას, კანონში გაჩნდა ასეთი ჩანაწერი:

"დაუშვებელია, საკუთრების გადასვლის პირობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომლის რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი.

ასევე დაუშვებელია ისეთი მოთხოვნის ან უფლების დათმობა უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებუი იურიდიული პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ, რაც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობას".

ამ მუხლის აკრძალვები მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტებზე არ ვრცელდება.

ამასთან, თუ უცხოელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთზე, კანონპროექტის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით, მას ზედიზედ 3 წლის განმავლობაში მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში სანქცია არ დაეკისრება.

რაც შეეხება ფინანსურ ინსტიტუტებს, მიწის დასაკუთრების შემთხვევაში, მათ მოეხსნათ მისი 2 წლის ვადაში გასხვისების ვალდებულება. შესაბამისად, მათზე არც სანქციები გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები