რა შეიძლება გაკეთდეს მაშინ, როდესაც დამქირავებელი საკუთრებას არ ტოვებს? - იურისტის პასუხი
მარიამ იზორია
14.05.22 18:58
• 11011
ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა ფაქტები, როდესაც უცხოეთის მოქალაქეები საცხოვრებლის საფასურს ბინის მესაკუთრეებს აღარ უხდიან და არც საკუთრებას ტოვებენ. პრობლემას 2015 წელს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება ქმნის, რომელიც მესაკუთრეს სასამართლოს გარეშე დამქირავებლის გამოსახლების უფლებას არ აძლევს. 2015 წლამდე კი მათ შეეძლოთ პოლიციის დახმარებით ის პირი გამოესახლებინათ, რომელსაც საკუთრებაში კანონიერად ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
იურისტი დავით კლდიაშვილი გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც მესაკუთრეებს საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლიათ. მისი თქმით, 2015 წელს მიღებული კანონი პოპულისტურია და მის შედეგებზე თავის დროზე სათანადოდ არ იფიქრეს, ამან კი ზიანი სხვა ურთიერთობებსაც მიაყენა, მაგალითად, გაჩერებულია რამდენიმე საინვესტიციო პროექტიც, რადგან მესაკუთრეს თავისი ქონების სურვილისამებრ გამოყენების უფლება არ აქვს.
დავით კლდიაშვილის განმარტებით, ბინის მესაკუთრეებს სამწუხაროდ სასამართლოს გარდა პრობლემის გადაჭრის სხვა კანონიერი ბერკეტი არ აქვთ.
„დღეს ასეთი სიტუაციაა: თუ თქვენ გააქირავეთ ბინა და ის აღარ იხდის საფასურს ან ხელშეკრულებას ვადა აქვს გასული, პირის გამოსახლებისთვის თქვენ გჭირდებათ სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს დროში გაწელილი პროცესია. მართალია კანონში არის ჩანაწერი, რომ მსგავსი ტიპის საქმის განხილვა შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს, თუმცა ეს პრაქტიკაში არ მუშაობს და ქეისები წელიწად-ნახევრამდე მაინც იწელება. მესაკუთრეს ასევე შეუძლია სასამართლოს მსვლელობის პერიოდში გადაუხდელი იჯარის ანაზღაურება მოითხოვოს, მაგრამ როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი ამის აღსრულება შეუძლებელია. სასამართლო ერთადერთი კანონიერი გზაა, მაგრამ სამწუხაროდ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ადამიანები პრობლემბის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, შედიან ბინებში, ცვლიან საკეტებს, თიშავენ წყალმომარგაებას და ა.შ. თუმცა მსგავსი ქმედება პრობლემას ისევ მესაკუთრეს შეუქმნის.
რა შეიძლება გაკეთდეს ამ კანონის „გამოსასწორებლად“? - პირველი: შეიძლება გამოყონ სპეციალური მოსამართლეები, რომლებიც ასეთ საქმეებს მართლაც შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავენ; მეორე: ამ პრობლემის ტექნიკური გადაწყვეტა საჯარო რეესტრის ჩართულობით მოხდეს - მაგალითად ყველა ტიპის საიჯარო ურთიერთობა ავტომატურად დაექვემდებაროს რეგისტრაციას და როდესაც ქირის არ გადაიხდიან, გამქირავებლის მხრიდან გარკვეული წერილის წარდგენით, იჯარის შესახებ ჩანაწერის წაშლა მოხერხდეს“ - აღნიშნავს იურისტი.