საქართველოში Boeing-ის კონტრაქტორმა კომპანია "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებმა - ციკლონმა" ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რაც 2023 წელს მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, ქარხნის შემოსავალმა 4.47 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 1 მილიონი დოლარით გაზრდილი შედეგი იყო. ამის მიუხედავად, კომპანიის შემოსავლები ყველა ხარჯის დასაფარად საკმარისი არც 2023 წელს აღმოჩნდა და კომპანიამ 7.7 მილიონი დოლარით იზარალა. ანალოგიური იყო ზარალის მოცულობა 2022 წელსაც.
კომპანია "ციკლონი" საქართველოს განვითარების ფონდის და ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის ერთობლივი საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. ქარხანა 2018 წელს გაიხსნა და მან ნაწილების რეალიზაცია 2019 წელს დაიწყო. საწარმო Boeing 787-ისთვის და Boeing 737 Max-ისთვის ამზადებს კომპონენტებს და შესაბამისად, აღნიშნული მწარმოებლის შეკვეთების მოცულობაზე არის დამოკიდებული.
საქართველოს განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხანა ISO-ს სერტიფიკატსა და „Boeing“-ის შესაბამისობის სერტიფიკატს ფლობს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს კომპანიამ ფინანსური სირთულეების გამო, საბანკო სესხის პირობებიც დაარღვია.
"2024 წელს კომპანიამ დაარღვია სავალო ვალდებულება ქართული კომერციული ბანკისგან 9,446 აშშ დოლარის ოდენობით მიღებული სესხის ფარგლებში. წინამდებარე ფინანსური ანგარიშგების გაფორმების თარიღის მდგომარეობით, ბანკს არ მოუთხოვია სესხების დაფარვის აჩქარება,"- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.
ქარხნის კაპიტალი 60 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი კი 57.5 მილიონი დოლარია.

























