მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს ონლაინ-კაზინო "ევროპაბეთს"? - 2025 წლის ანგარიში

აზარტული თამაშები ონლაინ კაზინო

შპს „ევროპაბეთმა“ 2025 წელი 169.3 მილიონი ლარის შემოსავლით დაასრულა, თუმცა კომპანიის წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით 28.8%-ით შემცირდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2025 წელს 169.34 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 166.79 მილიონ ლართან შედარებით. ზრდამ 2.55 მილიონი ლარი, ანუ 1.53% შეადგინა.

შემოსავლის ძირითადი წყარო კვლავ ონლაინ კაზინოს მიმართულება იყო. ამ სეგმენტიდან მიღებულმა შემოსავალმა 121.29 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.75%-ით მეტია.

მეორე უმსხვილესი მიმართულება ონლაინ ტოტალიზატორი იყო, თუმცა ამ ნაწილში შემოსავალი შემცირდა. სპორტული ფსონებიდან მიღებულმა შემოსავალმა 39.41 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 41.16 მილიონ ლართან შედარებით - კლება 4.24%.

P2P თამაშებიდან მიღებული შემოსავალი 2.74 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 15.1%-იანი კლებაა, ხოლო სხვა შემოსავალი 5.9 მილიონ ლარს გაუტოლდა - ზრდა 7.1%.

„ევროპაბეთი“ საქართველოში 2009 წლიდან ოპერირებს და მისი საქმიანობა მოიცავს ონლაინ კაზინოს, ონლაინ ტოტალიზატორს, სლოტ თამაშებს, პოკერსა და P2P თამაშებს. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე შვედეთის საფონდო ბირჟაზე ლისტინგირებული Betsson AB-ია.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს თამაშთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯი 48.07 მილიონი ლარი იყო, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 4.4%-ით მეტია.

  • თამაშების მომწოდებლების ლიცენზიების საფასური — 25.39 მილიონი ლარი;
  • გადახდის სისტემების საკომისიოები — 19.09 მილიონი ლარი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ხარჯები — 3.6 მილიონი ლარი.

თანამშრომელთა ანაზღაურების ხარჯმა 25.93 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.3%-ით მეტია. კომპანიის საშუალო თანამშრომელთა რაოდენობა 2025 წელს 244 ადამიანი იყო, 2024 წელს კი - 249.

მარკეტინგული მომსახურებისა და წამახალისებელი საჩუქრების ხარჯი შემცირდა და 10.32 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 12.47 მილიონ ლართან შედარებით.

სხვა საოპერაციო ხარჯებმა 8.83 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით ნაკლებია. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდი მუხლი ფიქსირებული სათამაშო გადასახადები და მოსაკრებლები იყო - 5.07 მილიონი ლარი.

კომპანიამ ასევე მიიღო 1.7 მილიონი ლარის წმინდა ფინანსური შემოსავალი, ძირითადად საბანკო ანგარიშებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლების ზრდის შედეგად.

შედეგად, მოგებამ მოგებისა და თამაშთან დაკავშირებული გადასახადების გადახდამდე 72.22 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 6.4%-ით მეტია.

„ევროპაბეთის“ ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აზარტული თამაშების საგადასახადო განაკვეთის ცვლილებამ.

2025 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოს თამაშებზე სათამაშო მოგების გადასახადის (GGR) განაკვეთი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. შედეგად, კაზინოს მიმართულებაზე გადასახადმა 39.79 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 27.12 მილიონ ლართან შედარებით - ზრდა 46.7%.

ონლაინ ტოტალიზატორის მიმართულებაზე გადასახადი მიღებული ფსონების 7%-ის დონეზე დარჩა და 13.58 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4.9%-ით ნაკლებია.

სულ, კომპანიის მიერ გადახდილმა სათამაშო გადასახადმა 2025 წელს 53.38 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წლის 41.4 მილიონ ლართან შედარებით - ზრდა 28.9%.

სათამაშო გადასახადის ზრდამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა საოპერაციო შედეგების გაუმჯობესების ტემპს, რის გამოც კომპანიის წმინდა მოგება შემცირდა.

„ევროპაბეთის“ წმინდა მოგებამ 2025 წელს 18.85 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 28.8%-ით ნაკლებია 2024 წლის 26.47 მილიონ ლართან შედარებით.

2025 წლის ბოლოს „ევროპაბეთის“ აქტივების ჯამური ღირებულება 48.02 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის 46.39 მილიონ ლართან შედარებით 3.5%-იანი ზრდაა.

კომპანიის ვალდებულებები 2025 წლის ბოლოს 18.1 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21.5%-ით ნაკლებია. შემცირება ძირითადად საიჯარო და სავაჭრო ვალდებულებების კლებას უკავშირდება.

2025 წლის განმავლობაში კომპანიამ მფლობელზე 4 მილიონი ევროს ოდენობის დივიდენდი გასცა.

შედარებისთვის, 2024 წელს გადახდილი დივიდენდი 8.15 მილიონ ევროს, ანუ დაახლოებით 24.02 მილიონ ლარს შეადგენდა.

2026 წელს, ანგარიშგების პერიოდის დასრულების შემდეგ, კომპანიამ დამატებით 3 მილიონი ევროს ოდენობის დივიდენდი გადაიხადა.

ევროპაბეთი სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიის Betsson AB-ს საკუთრებაა. კომპანია საქართველოს გარდა საქმიანობს მალტას, იტალიის, დანიის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, გერმანიის, ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის, ნიგერიის, არგენტინის, კოლუმბიის, ხორვატიის, ბელგიის, სერბეთის, საფრანგეთისა და პერუს ბაზრებზე.

2025 წელს ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.2 მილიარდ ევროს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 91 მილიონი ევროთი მეტი იყო. კომპანიის წმინდა მოგება 182.4 მილიონ ევროს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები