მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Radisson-ის სასტუმროების მფლობელ SRG Real Estate-ს?

რედისონი

„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ შვილობილ “ესარჯი რიალ ისთეითს”, რომელიც საქართველოში რამდენიმე სასტუმროს და კაზინოს მართავს, შემოსავლები გაეზარდა.

კომპანიამ საფონდო ბირჟაზე, სადაც 20 მლნ დოლარის ობლიგაციები აქვს დალისტული, 2023 წლის 6 თვის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წლის 6 თვეში ჯგუფის შემოსავლებმა შეადგინა 115.07 მლნ ლარი, მაშინ როდესაც 2022 წლის 6 თვეში შემოსავალი 112.56 მლნ  ლარი იყო.

კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ საერთო შემოსავლებიდან დაახლოებით 61% მოდის სათამაშო ბიზნესის შემოსავლებზე, 34% სასტუმროს შემოსავლებზე, ხოლო 5% სხვა შემოსავლებია.

2023 წლის 6 თვის ფინანსური მოგება 3.399 მლნ  ლარი იყო. წლიურად კლებაა, 2022 წლის 6 თვის მოგება 12.836 მლნ ლარს შეადგენდა.

ჯგუფი ფლობს და მართავს თბილისსა და ბათუმში "რედისონ ბლუ“ ბრენდის სასტუმროებს, წინანდალში „რედისონ ქოლექშენსა“ და "პარკ ჰოტელ წინანდალს", ასევე თბილისსა და ბათუმში კაზინოებს, კომპლექს „რესპუბლიკას“, ფლობს და მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე უძრავ ქონებასაც.

ჯგუფმა ცოტა ხნის წინ დაიწყო თბილისში მდებარე ყოფილი "ტელეგრაფის შენობის" განახლება და რეკონსტრუქცია და მისი 5-ვარსკვლავიან 241 ოთახის მქონე სასტუმროდ გადაკეთება, რომელიც "Silk Hospitality"-ის მიერ იქნება მართული.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დოკუმენტში წერია, რომ „2023 წელს ჯგუფის მთავარი ფოკუსი იქნება შემოსავლების დივერსიფიცირება საცხოვრებელი და დასასვენებელი სახლების სექტორში შესვლით. ამ მიზნით განიხილება ორი პროექტი აჭარაში: „სილქთაუერსი“ ბათუმში და „ბოტანიკო მწვანე კონცხზე“. სილქთაუერსის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2024 წელს. რაც შეეხება კომპლექსს „ბოტანიკო მწვანე კონცხი“ მისი მშენებლობა უკვე დასრულდა 2023 წელს. პარალელურად, ჯგუფის გეგმებშია არსებული პოზიციების გაძლიერება თბილისში და კახეთში.

ასევე ჯგუფის მნიშვნელოვან გეგმას წარმოადგენს არსებული სასტუმროების, კაზინოების და რესტორნების საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია და მოგების მაჩვენებლის გაუმჯობესება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები