KFC საქართველოში შემოსავლების მიხედვით, McDonald's-ის და Wendy's-ის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს. ამ დროისთვის საჯაროა კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ შემოსავალი 6%-ით, 72.3 მილიონ ლარამდე გაზარდა.
ამერიკული KFC-ის ბრენდის მფლობელია კორპორაცია Yum Brands-ი, რომელთანაც გაფორმებული ფრენშიზული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში KFC-ის "იბერია ფუდ კომპანი" წარმოადგენს. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრეა ბიზნესმენი ოთარ ქათამაძე.
2024 წლის მდგომარეობით ჯამში 19 KFC-ის რესტორანი. მათ შორის, 13 რესტორანი თბილისში, 6 რეგიონებში, კერძოდ: 1 ქუთაისში, 2 ბათუმში , 1 რუსთავში, 1 გორში, 1 ნატახტარში.
2024 წელს კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 51.7 მილიონ ლარს შეადგენდა. აქედან 27 მილიონი ლარი მარაგების თვითღირებულება იყო, პირდაპირი ხელფასების ხარჯი 12.4 მილიონი ლარი, იჯარის ხარჯი 5.8 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი 4.4 მილიონი ლარი, პერსონალის კვების ხარჯი 1.4 მილიონი ლარი, კომუნალური ხარჯები კი 0.6 მილიონი ლარი იყო.
კომპანიის დისტრიბუციის ხარჯი კი 6.3 მილიონი ლარი, მარკეტინგის ხარჯი 0.9 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიამ წლის განმავლობაში 7.9 მილიონი ლარის ადმინისტრაციული ხარჯები გასწია.
აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით, KFC-იმ საქართველოში 2024 წელს 3.6 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.
კომპანიის მთლიანი აქტივები 27.6 მილიონ ლარს შეადგენს.


























