საქართველოში ქვანახშირის ერთადერთი მომპოვებელია კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულისა და ამბროლაურის რაიონებში ქვანახშირის მოპოვების ლიცენზიებს ფლობს. კომპანიას 2007 წელს გაცემული ლიცენზიით, 233 მილიონი ტონა ქვანახშირის მოპოვების ნებართვა გააჩნია.
"საქნახშირს" ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს 2023 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც კომპანიამ 146,136 ტონა ქვანახშირის რეალიზაცია მოახდინა, რაც 2022 წელთან შედარებით 2,800 ტონით მეტი იყო. რეალიზაციის ზრდის მიუხედავად, შემცირდა კომპანიის შემოსავალი, რაც 25,327,742 ლარს შეადგენდა. ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 1 მილიონი ლარით ნაკლები იყო, რაც სავარაუდოდ სარეალიზაციო ფასის კლებით იყო განპირობებული.
რეალიზაციის აღნიშნული მოცულობის გათვალისწინებით, 2023 წელს ერთი ტონა ქართული ქვანახშირი 173 ლარი (63 დოლარი) ღირდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, "საქნახშირი" სისტემურად ზარალიანი კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანია ყოველწლიურად ზარალზე გადის. 2023 წელს მისმა ზარალმა 31.5 მილიონი ლარი შეადგინა, 2022 წელს კი მისი ზარალი 4.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
კომპანიის მთავარ ხარჯს დასაქმებულთა ანაზღაურებები წარმოადგენს, რაზეც 2023 წელს კომპანიამ 26 მილიონი ლარი მიმართა. სხვადასხვა ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ხარჯების გათვალისწინებით, "საქნახშირის" მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 46.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც მიღებულ შემოსავალზე 83%-ით მეტია.
2019 წლის სექტემბრამდე "საქნახშირი" GIG ჯგუფის შემადგენლობაში იყო, რის შემდეგაც ის სიმბოლურ ფასად გადაეცა ჰოლდინგ "სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის", რომლის ძირითად საქმიანობას "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული მანგანუმით ვაჭრობა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგის შემადგენლობაში ოპერირებს ამჟამად "საქნახშირი".
საქართველოში წარმოებული ქვანახშირი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე მოიხმარება და მას მსხვილი ინდუსტრიული (ძირითადად მეტალურგიული კომპანიები) იყენებენ. ამასთან, აღნიშნული კომპანიების მხრიდან ქვანახშირზე მოთხოვნა ადგილობრივ მიპოვებას აჭარბებს, რის გამოც საქართველო წლიდან წლამდე იმპორტის გზითაც ყიდულობს ქვანახშირს. წელს საქართველოში იმპორტის გზით 11.4 მილიონი დოლარის 91 ათასი ტონა ქვანახშირი და 47.5 მილიონი დოლარის 95 ათასი ტონა ქვანახშირის კოქსი შემოვიდა.




























