მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემოსავალი აქვთ თბილისის და ბათუმის კაზინოებს - ფინანსური მაჩვენებლები

აზარტული თამაშები კაზინო სამორინე

საქართველოში ფიზიკური სამორინეები ძირითადად თბილისსა და ბათუმში არის განთავსებული. სამორინე სექტორის უმსხვილეს მოთამაშეებს 2024 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვთ, რომელთა მიხედვითაც საქართველოში სამორინეების ბრუნვის უდიდესი ნაწილი ბათუმში არის კონცენტრირებული.

2024 წელს სამორინეების ოპერატორი რვა მსხვილი კომპანიის ჯამური შემოსავალი 532 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. ანგარიშების თანახმად, საქართველოს სამორინეებს შორის შემოსავლებით პირველ ადგილზეა "ივერია", რომელიც თბილისის და ბათუმის სასტუმრო Radisson-ის კომპლექსში არის განთავსებული. აღნიშნული ბრენდით სამორინეს ოპერირებას კომპანია "ლიმონი 2009" უწევს, რომელიც სილქ როუდ ჯგუფის ჰოლდინგის შემადგენელი კომპანიაა. 2024 წელს სამორინე "ივერიას" შემოსავალმა 162.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო.

მეორე პოზიციას იკავებს კომპანია "მშვიდობა", რომელიც ბათუმი Sheraton-ში არის განთავსებული. სამორინეს შემოსავალი 2024 წელს 74 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მისი მფლობელები თურქი ბიზნესმენები ერჩიმ ტოსიალი, მუჯდება ალგუნი და აბდულა მეთინ თორამანი არიან.

მესამე პოზიციას კი ასევე ბათუმში, სასტუმრო ეიფორიას კომპლექსში განთავსებული კაზინო Eclipse იკავებს, რომლის შემოსავალიც 2024 წელს 68.6 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული სამორინეს ოპერატორია კომპანია "ალიუდ იუნიტას ჯორჯია". ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისი მფლობელები არიან კვიპროსელი ბიზნესმენები ქრისტოს დრაკაუ და ილია ბულიჩევი.

# ქალაქი კომპანია და ბრენდული სახელწოდება 2024 შემოსავალი შემოსავლის ზრდა/კლება 2024 წელს
1 თბილისი/ბათუმი ლიმონი 2009 - სამორინე ივერია 162,523,000 ლარი 5%
2 ბათუმი მშვიდობა - სამორინე ბათუმი შერატონში 74,175,992 ლარი 10%
3 ბათუმი შპს ალიუდ იუნიტას ჯორჯია - სამორინე Eclipse 68,644,970 ლარი 32%
4 თბილისი შპს სანშაინ - სამორინე აჭარა 63,302,108 ლარი 54%
5 ბათუმი პრინცეს ბათუმი - სამორინე სასტუმრო Wyndham-ში 63,130,252 ლარი 22%
6 ბათუმი შპს ოქროს ლომი - სამორინე სასტუმრო ველმონდში 54,302,000 ლარი 40%
7 თბილისი მარლო - სამორინე შავი ოპალი 24,066,000 ლარი 31%
8 ბათუმი შპს გრანდ კაზინო ბათუმი - სამორინე Hilton ბათუმში 22,229,824 ლარი 38%

კაზინოების შემოსავალი წარმოადგენს მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობას, რასაც GGR ეწოდება. ეს მაჩვენებელი საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მიღებული ფსონების 7.5%-10%-მდეა. თუკი 10%-ის GGR-ით დავითვლით, ეს ნიშნავს, რომ 162 მილიონი ლარის შემოსავლის მისაღებად მოთამაშეებმა კაზინოში განათავსეს 1.6 მილიარდი ლარის ფსონები, საიდანაც კაზინომ 1.46 მილიარდი ლარი მოგების სახით გასცა, ხოლო მას კი თამაშებთან დაკავშირებული საოპერაციო შემოსავლის (GGR) სახით 162 მილიონი ლარი დარჩა.

შესაბამისად, 10%-ის GGR-ის გათვალისწინებით, თუკი რვა მსხვილი კომპანიის ჯამური შემოსავალი თამაშებიდან 532 მილიონ ლარს აღწევდა, ეს ნიშნავს რომ მოთამაშეებმა მათში 5.3 მილიარდი ლარის ფსონები დადეს, ხოლო გაცემული მოგება 4.8 მილიარდი ლარი იყო. შესაბამისად, სამორინეებმა 532 მილიონი ლარის საოპერაციო შემოსავალი მიიღეს.

თუმცა, უშუალოდ რა არის GGR-ის მაჩვენებელი ქართულ სამორინეებში კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებში მითითებული არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები