მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემოსავალი აქვთ ზაზა ოქუაშვილის კომპანიებს?

5c235b0e8a17b
BM.GE
26.12.18 16:17
2235
ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის - “ომეგა ჯგუფის” მფლობელია. მისი ბიზნესები თამბაქოს წარმოებას, დისტრიბუციას, ავტოიმპორტს, გამომცემლობას, ტელევიზიასა და სხვა სფეროებს მოიცავს.

“ომეგა ჯგუფს” სახელმწიფოს წინაშე მრავალმილიონიანი დავალიანება ერიცხება, ჯგუფის შემადგენლობაში არსებულ თამბაქოს კომპანია “ოჯთ”-ის ვალდებულება 50 მილიონს აჭარბებს. ამავდროულად, ჯგუფს “საქართველოს ბანკის” წინაშე 80 მილიონ ლარზე მეტი მართებს.

“ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანიებიდან ფინანსური ანგარიშგებები მხოლოდ ორს - “ომეგა მოტორსსა” და “ომეგა 2”-ს აქვთ გამოქვეყნებული. წლიური ანგარიშების მიხედვით, ორივე კომპანია ზარალზეა.

“ომეგა მოტორსი”


“ომეგა მოტორსი” საქართველოში BMW-ს, MINI-ს, Bentley-ის, Land Rover-ის Maseratი-ის და სხვა ბრენდების ავტომობილების დილერია. კომპანია ფლობს შოურუმებს თბილისსა და ბათუმში.

1999 წელს დაფუძნებული “ომეგა მოტორსის” 100%-იანი წილი პანამურ ოფშორში რეგისტრირებულ FRYSIAN ENGINEERING S.A-ს ეკუთვნის.

2017 წლის განმავლობაში, “ომეგა მოტორსის” შემოსავალი 38%-ით გაიზარდა და მან 17.4 მილიონ ლარს მიაღწია. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება გასულ წელს 14.9 მილიონ ლარს შეადგენდა. 60 თანამშრომლის სახელფასო ფონდი 751 ათასი ლარი იყო,  სარეკლამო ხარჯი - 209 ათასი, საგადასახადო ხარჯი კი - 264 ათასი ლარი.

ამავდროულად, “ომეგა მოტორსის” ცვეთის ხარჯი 502 ათასი ლარი, ხოლო სხვა ადმინისტრაციული ხარჯი 509 ათას ლარს შეადგენდა.

მთლიანობაში, “ომეგა მოტორსის” ზარალმა 2017 წელს 1 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წელს ზარალი 1.6 მილიონი ლარი იყო.

კომპანიის აქტივები 14 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის საბანკო ვალდებულებები 4 მილიონი ლარია.

“ომეგა 2”


კომპანია “ომეგა 2” 2017 წლის განმავლობაში ახორციელებდა თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუციას, ავტომობილების იმპორტსა და რეალიზაციას, ავტოსათადარიგო ნაწილების და საბურავების იმპორტსა და რეალიზაციას, სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების იმპორტსა და რეალიზაციას, ნაყინის წარმოებასა და რეალიზაციას. კომპანიის მთლიანი აქტივები 39.7 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშგენის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში “ომეგა 2”-ის შემოსავალმა 29.4 მილიონი ლარი შეადგინა.

ომეგას მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 25.5 მილიონი ლარი იყო, თანამშრომელთა შენახვის ხარჯი - 4 მილიონი, სარეკლამო ხარჯი - 2.9 მილიონი, საკონსულტაციო ხარჯი - 2.6 მილიონი, იჯარის ხარჯი - 1.6 მილიონი, სხვა ადმინისტრაციული ხარჯები კი, 2 მილიონი ლარი იყო.

მთლიანობაში “ომეგა 2”-ის ზარალმა 2017 წელს 14.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2016-ში კი, ზარალი 37 მილიონ ლარს აღემატებოდა.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ 2017 წლის განმავლობაში, ზაზა ოქუაშვილის ბიზნესჯგუფთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებზე ჯამში 17.7 მილიონის სესხები გასცა, მათ შორის:

შპს ოჯთ - 13 მილიონი ლარი;
ომეგა მოტორ ჯგუფი - 3.5 მილიონი ლარი;
ტელეკომპანია იბერია - 344 ათასი ლარი.

გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 13% იყო.

საანგარიშო პერიოდისთვის “ომეგა 2”-ს საბანკო კრედიტების სახით 39.5-მილიონიანი დავალიანება ერიცხებოდა, საიდანაც დაიფარა 2.5 მილიონი ლარი, ხოლო დავალიანების სახით კი, 36.9 მილიონი დარჩა.

ვალდებულებებს შორის ყველაზე დიდი - 33.4 მილიონი ლარი, კომპანიას "საქართველოს ბანკისადმი" მართებს. ანგარიშგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ომეგას კრედიტის ძირითადი თანხა არ დაუფარავს.

ომეგას ამავდროულად აქვს 4.9 მილიონიანი ვალი “ქართუ ბანკის” წინაშე და 1.2-მილიონიანი ვალი “კორსტანდარტ ბანკის” წინაშე.

ომეგა 2-ის 100%-იანი წილი ეკუთვნის პანამურ ოფშორში დაფუძნებულ კომპანია VELSAN TRADING CORPORATION-ს.

კომპანიაში 442 ადამიანი მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები