სამინისტროებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვის მიწოდებისთვის კომპანია "ბატონოს" დირექტორი, ბიზნესმენი ვანო გოგლიძე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 - დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომპანია "ბატონო" ძროხის ხორცის და თევზის კონსერვებს "კულას" ბრენდით ყიდდა და მის ძირითად მომხმარებელს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფო წარმოადგენდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „ბატონო“ ხელმძღვანელი ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება - გაყიდვისთვის დააკავეს. საგამოძიებო სამსახურში ვინაობას არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ბატონო“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს ლეილა ლონდარიძე ფლობს, ის ასევე კომპანია „გორის საკონსერვო ქარხანა - კულას“ 100%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანიაში დირექტორის პოზიციას ივანე გოგლიძე იკავებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, კომპანია „ბატონოს“ სხვადასხვა დროს 35 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ყველაში არ გაუმარჯვია. აღნიშნული სახელმწიფო კონტრაქტების ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს კომპანია "ბატონომ" 1.4 მილიონი ლარის, 2023 წელს კი 5.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. აღნიშნულ წელს კომპანიას მოგების ნაცვლად 14 ათასი ლარის ზარალი ჰქონდა, 2023 წელს კი "ბატონოს" 929 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. "ბატონოს" აქტივები 4.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, "ბატონომ" 2024 წელს ორ კონსოლიდირებულ სახელმწიფო შესყიდვაში, სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქციის წარდგენისთვის, დისკვალიფიკაცია მიიღო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.




























