თბილისის ზოგიერთ უბანში პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება არის უფასო, დანარჩენ შემთხვევაში კი, გადასახადი საათში 1 ლარია.
Bm.ge დაინტერესდა, რომელ უბნებში ამოქმედდება კიდევ პარკირების ახალი სისტემა და ასევე, ამ დრომდე რა რაოდენობის ჯარიმების გადახდა მოუწიათ მოქალაქეებს წესების დარღვევისთვის:
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 10 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ზონალური საათობრივი პარკირების სისტემიდან 175 430 ლარის შემოსავალი მიიღო.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ 2020 წლის 20 ნოემბრიდან, ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ქუჩებზე: ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილის ქუჩა, აბაშიძის ქუჩა ბარნოვის ქუჩა პეტრიაშვილის ქუჩამდე, მცხეთის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, კეკელიძის ქუჩა, თაყაიშვილის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ერისთავი/მრგვალი ბაღის კუთხე, ქუთათელაძე/მრგვალი ბაღის კუთხე, მცხეთის ქუჩა/ქუთათელაძის ქუჩა, მცხეთის ქუჩა/აბაშიძის ქუჩა, შროშის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, მირცხულავას ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, თაქთაქიშვილის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მიშველაძის ქუჩა, მოსაშვილის ქუჩა, ატენის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, საჯაიას ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მიქელაძის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, თამარაშვილის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე, ჩოლოყაშვილის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე.
აღსანიშნავია, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ყაზბეგის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და პეკინის გამზირებზე უკვე მოქმედებს.