მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში და როდიდან იქნება მაგისტრატურაზე სრულად დისტანციური სწავლა შესაძლებელი? - კანონპროექტი

ონლაინ უნივერსიტეტი

პარლამენტში ინიცირებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, კანონპროექტის მიღების შედეგად დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ელექტრონული სწავლების მუხლი ჩამოყალიბდება ახლებურად. ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება.

განათლების სამინისტროს მიერ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მაგისტრატურაზე სწავლა სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. სწავლის სფეროების ჩამონათვალს კი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება მინისტრი დაადგენს.

გაჩნდება საკანონმდებლო რეგულაცია, რომლითაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალება ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავება 2026 წლამდე.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას, რამდენადაც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაიზრდება მაგისტრატურის საფეხურზე ელექტრონული სწავლების ფორმით პროგრამის განხორციელების მოთხოვნა, რაც დაკავშირებულია დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი საფასურის გადახდასთან. შესაბამისად, აღნიშნული გამოიწვევს ცენტრის
საკუთარი შემოსავლების გაზრდას, საიდანაც 10% მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ასევე, პარლამენტში ინიცირებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიღების შედეგად, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული ექნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს წარმატებით გადალახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები