მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეხვდება რესპუბლიკურის პერსონალი ჯანდაცვის მინისტრს? - პოზიცია

რესპუბლიკური

რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი მალხაზ გოგუა აცხადებს, რომ ექიმებს მინისტრთან საუბრის საფუძველი იმ შემთხვევაში გაუჩნდებათ, თუ უწყება რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას გააუქმებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 3 დღეა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქციებზე აპროტესტებენ. კონკრეტულად კი ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟისა და კადრების რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ექიმების დღევანდელი საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, გუშინ კი ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე 15:00 საათზე ექიმებთან შეხვედრა დააანონსა.

მალხაზ გოგუა აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროის მათი საპროტესტო აქციის დროსთან დამთხვევა უცნაურია, ამასთან მათ ამ ეტაპზე ზურაბ აზარაშვილთან სასაუბრო არაფერი აქვთ.

„ამ შეხვედრაზე უარი იმიტომ კი არ განვაცხადეთ, რომ შეხვედრა არ გვინდა, არამედ იმიტომ რომ ჯერ ერთი 15 საათს დაამთხვია, რაც უცნაურია. მეორე - ჯანდაცვის სამინისტროსთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს, რადგან დიდი ხანია ვსაუბრობთ და აი, ეს გადაწყვეტილება დაგვიდეს. ჯანდაცვის მინისტრს შევხვდებით თუ გააუქმებენ სამთავრობო გადაწყვეტილების შემდეგ გამოცემულ ბრძანებას რეორგანიზაციის შესახებ, სადაც 5 თებერვლამდეა ვადა მოცემული.

ამას თუ გააუქმებენ, გაჩნდება საუბრის საფუძველი. მაგრამ ჩვენ მხოლოდ საავადმყოფოს გადარჩენის თემაზე შეგვიძლია საუბარი - როგორ გავაკეთოთ ისე, რომ საავადმყოფომ გააგრძელოს ფუნქციონირება, ამის შეთავაზებები ჩვენ გვქონდა, მაგრამ არც ერთი არ მოეწონათ და ახლა გასაგებია რატომაც. თუ აზრი შეიცვალეს - ვისაუბროთ, თუ არა და იმისთვის რომ დააფიქსირონ, რომ ვითომ გვხვდებიან და იგნორირებას არ გვიკეთებენ, ბოდიში და უცნაურია“, - აცხადებს მალხაზ გოგუა და დასძენს, რომ შეხვედრის შესახებ, პროტესტის მონაწილეებმა დაახლოებით 19:30 საათზე გაიგეს: „როგორც გავარკვიეთ 7 კაცს ელოდება სამ საათზე, რომელიც ჩვენ უნდა აგვერჩია. ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ, რადგან ჩვენი მიზანი საავადმყოფოს გადარჩენაა, დემონტაჟის წინააღმდეგი ვართ, რადგან არანაირი დასკვნა არ არსებობს“, - ამბობს გოგუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები