მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში არ იქნება საჭირო კანონპროექტზე RIA-ს მომზადება

5ca1c20b397cf
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.19 12:15
745
2020 წლიდან პარლამენტი კანონპროექტებს რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) მოთხოვნის დაცვით მიიღებს.

მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ცვლილებების პროექტი, რომელიც ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში უნდა შევიდეს, რის შედეგადაც კანონპროექტთა გარკვეული ნაწილის განხილვისთვის RIA-ს შეფასება  სავალდებულო ხდება.

კანონის ძალაში შესვლა 2020 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მთავრობამ 2020 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიიღოს დადგენილება, სადაც გაწერილი იქნება თუ რა მეთოდოლოგიით უნდა გაკეთდეს RIA და განსაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებშიც ცვლილების შეტანის შემთხვევაშიც სავალდებულოა რეგულირების ზეგავლენის შეფასება.

ნორმატიული აქტების შესახებ კანონპროექტში მითითებულია გამონაკლისები, რომლებზეც RIA-ს მოთხოვნები არ გავრცელდება. ამ გამონაკლისთა სია მთავრობის დადგენილების შედეგად დაზუსტდება.

რა შემთხვევებში არ იქნება RIA-ს მომზადება სავალდებულო:
  • თუ კანონპროექტი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების, საბიუჯეტო (მათ შორის, წლიური საბიუჯეტო კანონი), აგრეთვე თავდაცვის, პენიტენციური, არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებს; 
  • თუ კანონპროექტი ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს; 
  • თუ კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან; 
  • თუ კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით და არ შეიცავს პაკეტში შემავალი მთავარი კანონპროექტით გაუთვალისწინებელ საკითხებს. 
  • განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც გაუმართლებელია კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის დაყოვნება, საქართველოს მთავრობამ, დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შემავალი საკანონმდებლო აქტის მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვალდებულებისაგან. 
კანონპროექტის მიხედვით, RIA-ს დოკუმენტში უნდა იყოს ასახული:
  • არსებული პრობლემის არსი და ანალიზი, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, მისი გამომწვევი მიზეზები; 
  • მიზანი, რომლის მიღწევაც დაგეგმილია რეგულირებით; 
  • მიზნის მიღწევის ალტერნატიული ვარიანტები, მათი ანალიზი და ზეგავლენის შეფასება, მათ შორის, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელი შედეგი; 
  • არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს მიზნის მიღწევის შერჩეული გზის უპირატესობას; კანონპროექტის მოსალოდნელი ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური, ეკოლოგიური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან/და სხვა შედეგები და რისკები, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან/და არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელ შედეგებსა და რისკებთან მიმართებით; 
  • სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები და გარემოებები, რომლებმაც განაპირობა კანონპროექტის მომზადება და რომლებზეც გავლენას იქონიებს კანონპროექტი; 
  • კანონპროექტის მომზადების პროცესის დეტალური აღწერა; კონსულტაციების პროცესში მიღებული ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებლობის შედეგების შეჯამება; 
  • კანონის აღსრულების გზები, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოების/დაწესებულებების როლი და ფუნქციები; 
  • კანონის აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების გზები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები