მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს თავად კერძო სექტორი აფინანსებს.
ყოველწლიურად, კომპანიები მის ზედამხედველს მოზიდული პრემიის 1%-ს ურიცხავენ, რამაც 2017 წლის მონაცემებით, 4 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.
მას შემდეგ, რაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად დავით ონოფრიშვილი დაინიშნა, მან სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 1%-იანი გადასახადი ბაზრის ზრდის პარალელურად შემცირდება.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით, ახალი ზედამხედველის პოზიციაა, რომ კომპანიებიდან მხოლოდ საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად საჭირო თანხების მოზიდვა მოხდება.
„რაც სამსახურს არ დასჭირდება, იტყვის და მერე დააყენებს გადასახადის შემცირების საკითხს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
ხეჩინაშვილი ვერ ასახელებს ბაზრის ზრდის კონკრეტულ ნიშნულს, როცა ზედამხედველის დაფინანსების საკითხის გადახედვა შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს, თუმცა ამბობს, რომ სადაზღვევო ბაზარი იზრდება და ეს ძირითადად გასული წლის 1 მარტიდან ძალაში შესულმა სავალდებულო დაზღვევის შემოღებამ განაპირობა, რომელიც უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხო.
დევი ხეჩინაშვილი არ ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას, რომ ზედამხედველს სადაზღვევო სექტორი აფინანსებს; ამბობს, რომ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს სახსრები გააზრებული და შეთანხმებული იყოს ინდუსტრიასთან.
„არსებობს სხვადასხვა პრაქტიკა, როცა ინდუსტრია აფინანსებს ზედამხედველს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებს სახელმწიფო აფინანსება, აუდიტორული შემოწმებისთვის საჭირო თანხებს კი თავად კომპანიები ანაზღაურებენ“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
ის, რომ შესაძლოა მომავალში ზედამხედველის დაფინანსების საკითხი გადაიხედოს, ადასტურებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელიც.
დავით ონოფრიშვილი bm.ge-თან კონკრეტულ ნიშნულს ვერ ასახელებს, როცა დაფინანსების მოცულობა დაკორექტირდება, თუმცა ამბობს, რომ ბაზრის ზრდა 2020 წლიდან არის მოსალოდნელი.
„ეს თუ დაკორექტირდა, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება. მომავალში, როცა ზრდა იქნება, ეს პროცენტი შემცირდება. რამდენით შემცირდება, დამოკიდებულია იმაზე, რა ზრდა იქნება. ჯერ არ განვიხილავ რაიმე ნიშნულს ,ასე მოხდება, როცა ზრდა იქნება და ამდენი თანხა არ დაგვჭირდება ხარჯებისთვის. ამაზე მეტი კომპანიებისთვის არ მითქვამს“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

























