მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გაძვირდება პური და რა გამოსავალს ხედავს სექტორი?

614089628e793
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.21 16:13
1627
"ოქტომბრიდან, შესაძლოა, პური 10 თეთრით გაძვირდეს", - ამის შესახებ პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მან არსებული მოლოდინების მიზეზიც განუმარტა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მარაგებთან მიმართებით არასახარბიელო პროგნოზებმა და მარაგების შემცირებამ საქართველოში პურის ფასებზე შესაძლოა რამდენიმე თვეში აისახოს.

„პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის ფქვილის, საფუარის, ტრანსპორტირების და მუშახელის ხელფასის ღირებულებისგან. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის ფასი მტკივნეული არ იყოს და ამიტომ ის შედარებით „სტაბილურად დაჭერილია“. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით გაიზრდება პურის ფასი, შეიძლება საერთოდ არ გაიზარდოს, თუმცა ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია ფასები შეიცვალოს.

თუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ჩართავს, პურის ფასი არ გაიზრდება, ხოლო თუ არ ჩაირთვება, შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს. ოქტომბრამდე სავარაუდოდ, ფასები არ შეიცვლება“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 67 ლარია, თუმცა ეს არ ეხება რუსეთიდან შემოტანილ ფქვილს. „ჩვენი წისქვილების მიერ წარმოებული ფქვილი გაძვირდა, ხოლო რუსეთიდან შემოტანილ ფქვილის ფასთან შედარებით სხვაობა 5-6 ლარია“, - განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა კი განმარტავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გამოწვეული ტენდენციები პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ბაზართან.

„აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკის მიხედვით მოსავლიანობის პროგნოზები ხორბლის მწარმოებელ 8 ქვეყანაში მარაგების მხრივ შემცირებულია, მათ შორის ყველაზე მეტად შემცირებულია რუსეთში - 10 მლნ ტონით, საიდანაც ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტი გვაქვს. ხორბლის დაძაბულმა ბალანსმა რუსეთში ხორბალის ტრანსპორტირებისას მოქმედი მცურავი ბაჟი გაიზარდა და თუ ეს გადასახადი იმპორტიორი ქვეყნებისთვის ივლისში 1 ტონაზე 25 დოლარი იყო, დღეს - 49 დოლარია. ჩვენ მარაგებით ვმუშაობთ, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილება ბაზარზე აისახება ხოლმე“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბოლო პერიოდში რუსეთიდან ფქვილის აგრესიული იმპორტის მიზეზებს განმარტავს და იმ შედეგებს აანალიზებს, რომელიც შეიძლება ფქვილის ექსპორტმა ქვეყანას მოუტანოს.

„ასევე ვუყურებთ, რომ ხორბლის ექსპორტისას გადასახადი 50 დოლარია, ხოლო ფქვილის შემთხვევაში - 0. შესაბამისად, ამ ეტაპზე ხორბლის აგრესიული იმპორტი ხორციელდება, შეიძლება ითქვას, რომ გაორმაგებულია. ერთი მხრივ კარგია, რომ ფქვილი აგრესიულად დაბალი ფასით შემოდის, ხოლო მეორე მხრივ ეს წისქვილკომბინატებს დარტყმების წინაშე აყენებს. გრძელვადიან პერსპექტივაში წისქვილკომბინატების მფლობელები არჩევანის წინაშე არიან გააგრძელონ თუ არა წარმოება, თუ ფქვილის შემოტანაზე გადავიდნენ, რაც ბიუჯეტის შენატანების, სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და საბოლოოდ მარაგების თემასთან მიბმული ხდება და გადადის მეცხოველეობაში, რადგან ხორბლის გადამუშავების შედეგად იწარმოება ასევე ქატო, რომელიც მეცხოველეობაში გამოიყენება და ამ მხრივაც შესაძლოა პრობლემა შეგვექმნას“, - განმარტავს ლევან სილაგავა.

მისი ინფორმაციით, დარგის წარმომადგენლები არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაციაში არიან სახელმწიფო უწყებებთან და ბაზარზე არსებულ ვითარებას უზიარებენ. ლევან სილაგავა მდგომარეობიდან გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში ხედავს, რაც საგადასახადო შეღავათებში უნდა აისახოს.

„ამ შემთხვევაში ქვეყნები ზოგადად საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგალითად, აზერბაიჯანს ხორბლის იმპორტი, გადამუშავება და პურის წარმოების ჯაჭვი სრულად გათავისუფლებული აქვს დღგ-ისგან. დღეს მაროკომ მოხსნა 135%-იანი ბაჟი ხორბლის იმპორტზე“, - ამბობს სილაგავა, ხოლო კითხვაზე განიხილება თუ არა სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედება, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ გაძვირებულმა ხორბალი პურის ღირებულებაზე არ აისახოს, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს უკიდურესი ზომაა.

„სუბსიდირება ის მექანიზმია, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ამის განსაკუთრებული აუცილებლობაა. ჩვენ ორი სუბსიდია ვნახეთ გასულ წლებში. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკურად არ ვართ განვითარებული ქვეყანა და მოქალაქეების ფინანსური რესურსები მწირია, მათი შეკვეთა იყო, რომ პურზე ფასი არ გაზრდილიყო“, - ამბობს სილაგავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები