ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი - 3“-ის მშენებლობის გამო, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდა გამართეს.
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინიციატივით შეკრებილმა კერძო, თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამა თუ იმ ენერგოპროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
„ჩვენ მივედით გარკვეულ შეთანხმებამდე, რომ მეტი ურთიერთობაა ფართო მასებთან საჭირო, უფრო გასაგებ ენაზე საუბარი, რომ რამდენი სიკეთე მოაქვს ერთის მხრივ განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისებას და მეორეს მხრივ, რა მინიმალური ზიანი შეიძლება ჰქონდეს ყველა პროექტს და რა თქმა უნდა, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს გარკვეული ზეგავლენა აქვს ბუნებაზე, მაგრამ კონკრეტულად ამ ჰესის შემთხვევაში, ზეგავლენა არის მინიმალურამდე დაყვანილი. ჩემი სურვილია, დავსხდეთ და კონკრეტულ არგუმენტებზე ვილაპარაკოთ - რა შეიძლება გამოვასწოროთ“, - აცხადებს აბრამიშვილი და აქვე რიტორიკულ კითხვას სვამს, რატომ უნდა შევიდეს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში საქართველოს ფინანსური სახსრები.
კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრისას ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები ენერგეტიკის დაგეგმილი რეფორმების შესახებ ასევე მნიშვნელოვანია.
„მოგეხსენებათ, ახლა რეფორმა მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში. სამწუხაროდ, მოხდა ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი ადამიანური რესურსია საჭირო იმისთვის, რომ ყველა ამ გამოწვევას სახელმწიფომ ჩვენთან ერთად უპასუხოს. ერთის მხრივ, არის საკანონმდებლო კუთხით გამოწვევები, ქსელის წესებზე და მეორეს მხრივ, სოციალური პრობლემები, რომლებიც ასე მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს აბრამიშვილი.
ამასთან, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციამ შეხვედრაზე ქონების გადასახადის განაწილებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის წარდგენა დააანონსა, რომლის თანახმად, ენერგეტიკული პროექტების ქონების გადასახადიდან მიღებული თანხები, მაგალითად, „ხადორი-3“-ის განხორცილების შემთხვევში, ამ კონკრეტულ თემს ან სოფელს უნდა მოხმარდეს.
„მაგალითად, „ნენსკრა ჰესის“ წლიური ქონების გადასახადი 10 მილიონი დოლარია, ანუ ამ 25 მილიონი ლარის თუნდაც 40% მაინც რომ დარჩეს ჭუბერის თემში, იმ სოფლისგან შვეიცარიის გაკეთება შეიძლება, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ტურიზმის განვითარებაა შესაძლებელი ამ თემში და მგონია, რომ ყველასთვის ძალიან ხელშესახები იქნება ის მატერიალური სიკეთეები, რომელიც შეიძლება, ამ საკანონმდებლო ცვლილებამ მოუტანოს და ასეთი უამრავი პროექტია. თუ არ ვცდები, 120 პროექტამდე არის ტექნიკურ-ეკონომიკური განხილვის პროცესში და სადღაც 30 - მშენებლობის ეტაპზე. ინვესტორ კომპანიებს თუ მიეცემათ იმის საშუალება, რომ თავიანთი პროექტები განახორციელონ, გარდა იმისა, რომ ქონების გადასახადი დარჩება, რომელიც ვფიქრობთ, რომ მუნიციპალურმა ფონდმა უნდა განაგოს, თავად პროექტებიც ახორციელებენ სოციალურ პროექტებს“, - განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიას დაახლოებით, ერთ თვეში მოამზადებს.

























