მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში განაახლებს უკრაინა მოლაპარაკებებს რუსეთთან - არახამიას პასუხი

62ada5aa6e47e
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.22 14:22
1213
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას თქმით, უკრაინული მხარე დღეისთვის რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებას არ განიხილავს. მისი განმარტებით, პოზიცია შეიძლება მას შემდეგ შეიცვალოს, რაც აგვისტოს ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეული მიმართულებებით კონტრშეტევაზე გადავლენ. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დავით არახამიამ აღნიშნა, რომ უკრაინას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის განახლება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ის ფრონტზე თავის პოზიციებს გაამაგრებს. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ მათთვის მისაღები მინიმალური შეთანხმება იქნებოდა: „თუ ჩვენ მათ (რუსებს) გავაძევებდით, ან ისინი ნებაყოფლობით დაუბრუნდებოდნენ 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს“. არახამიას თქმით, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სუვერენული ტერიტორიების - ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაბრუნებაზე საუბარი.
„ჩვენ შეგვიძლია იმგვარი პოლიტიკური შეთანხმება განვიხილოთ, რომელსაც ჩვენ სტამბულში ვთავაზობდით. ანუ ჩვენ, მაგალითისთვის, რამდენიმე წლის განმავლობაში არ ვეხებით ყირიმის საკითხს და ამას არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით მოვაგვარებთ“, - განმარტა მან.
Unian-ის ცნობით, 16 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაადასტურეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის აგრესორის მხრიდან მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ვერგაგება. რუსეთის და უკრაინის დელეგაციები ბოლოს პირისპირ ერთმანეთს მარტის ბოლოს შეხვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები