მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმის ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაწავარიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორს შორის მოხდეს ფინანსური რესურსების გაერთიანება, რათა საბოლოო ჯამში, განათლების სექტორში მიიმართოს მშპ-ს 10 პროცენტი და მეტი ოდენობის ფინანსური რესურსი.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ფინანსური დახმარების, არამედ ბანკის ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„რეფორმის ჩონჩხი არსებობს, ძირითადი პრინციპები იდენტიფიცირებულია, ახლა აუცილებელია დეტალების გაწერა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხია მასწავლებლების გადამზადება და მათი ხელფასების გაზრდა. პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს სრულფასოვანი, როგორც ანაზღაურების, ისე დაფასების კუთხით. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, 2023 წლისთვის მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ უნდა გასამმაგდეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ნაციონალური, საერთო ეროვნული კონსენსუსი. ჩვენ ხშირად გვაქვს სხვადასხვაობა ოპონენტებთან, ოპოზიციასთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა შედგეს, გაუძლოს მრავალ მთავრობას, მრავალ მინისტრს და არ უნდა მოხდეს ამ გზიდან გადახვევა. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - განათლების რეფორმა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ხელისუფლების ან ერთი ადამიანის ინიციატივად და მან უნდა გაუძლოს დროს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

























