საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას, გადასახადების გაზრდას, 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვას და ამ სფეროს რეკლამირების აკრძალვას ეხება.
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გუშინ ტელევიზიების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ეს მთლიანად სატელევიზიო ინდუსტრიის შემცირებას გამოიწვევს. თავად კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აზარტული თამაშების რეკლამების სექტორმა 2021 წელს 30 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო შემოსავლები მკვეთრად დაეცემა.
კანონპროექტი სატელევიზიო ეთერში რეკლამის, უფრო სწორედ აზარტული კომპანიის ბრენდის გაჟღერებისთვის მცირე გამონაკლისს ტოვებს. მისი მიხედვით, დაშვებულია მხოლოდ სპორტული ღონისძიების სარეკლამო სპონსორობა, თუმცა სპონსორობის დროს თავად აზარტული თამაშების კომპანიის ბრენდის გაჟღერება მხოლოდ ყოველი საათის განმავლობაში 10 წამის მონაკვეთში შეიძლება მოხდეს, რაც მხოლოდ აუდიო სახით იქნება დაშვებული და ეკრანზე კომპანიის სიმბოლიკა არ უნდა გამოჩნდეს.
“სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ რეკლამის გავრცელებისას ნებდართულია მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორის დასახელების ხმოვანი გამოცხადება არაუმეტეს 10 წამის ხანგრძლივობით 1 საათში, ნებისმიერი სახის ვიზუალური რეკლამის გავრცელების გარეშე,” - ნათქვამია კანონპროექტში.
რაც შეეხება გარე და ონლაინ რეკლამებს, აქაც მცირე გამონაკლისებია დატოვებული.
გარე რეკლამები არ იქნება აკრძალული საერთაშორისო აეროპორტის და სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ასევე გარე რეკლამა დასაშვები იქნება აზარტული თამაშების ოპერატორის გარე პერიმეტრზე არაუმეტეს 10 კვადარტული მეტრის სიდიდის ბანერით. ასევე დასაშვები იქნება აზარტული თამაშების მომწყობის შიდა სივრცეში.
რეკლამა დასაშვები იქნება სპორტული ღონისძიების ჩატარების სივრცეში, როდესაც სპორტული ღონისძიების სპონსორია აზარტული თამაშების ოპერატორი.
ელექტრონული სახით აზარტული თამაშების რეკლამირება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რეკლამა ელექტრონული სახით აზარტული თამაშების მომწყობის ვებგვერდზე არის განთავსებული.
რეკლამირების წესის დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე კომპანია - 10,000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 20,000 ლარით დაჯარიმდება.




























