საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას აზრით, TBC ბანკის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესებს გამოძიების მხრიდან შემდგომში რეაგირება აღარ მოჰყვება და „გადავა დაუსრულებელი ლოდინის პროცესში“.
ამის შესახებ კაკულიამ გადაცემა „საქმიან კურსში“ განაცხადა და დასძინა, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ TBC ბანკის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება „ამ ეტაპზე ბანკისთვის ხელსაყრელია“.
როგორც ცნობილია, 26 თებერვალს, TBC ბანკის საქმის დეტალებზე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ისაუბრებს, სადაც ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იქნება.
რომან კაკულიას თქმით, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით იმართება, ამიტომ ის ვალდებულია, რეგლამენტი დააკმაყოფილოს.
„მგონია, რომ თავად მამუკასთან შეკითხვები, ცოტა მოგვიანებით უფრო შინაარსიანი იქნებოდა, მაგრამ ეს შეხვედრა შედგება თხოვნიდან გამომდინარე… ვფიქრობ, მთავარი შეკითხვა, რა თქმა უნდა, მისი (ხაზარაძის) არგუმენტების მოსმენაა, მაგრამ როცა ამ არგუმენტების შესადარებელი კონტრარგუმენტები არ გაქვს, რთულია საბოლოო დასკვნამდე მისვლა“, - განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, თავად ირაკლი კოვზანაძესაც ჰქონდა ხაზარაძის მოსმენის სურვილი, ამიტომ თუ კი, რაიმე ტექნიკური პრობლემა არ შეიქმნება, შესაძლებელია, ერთობლივი შეხვედრა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ სს „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა, თუმცა როგორც ცნობილია, ფიზიკური პირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლო დავას აგრძელებენ.

























