საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი: „ყველა ინიციატივა - იქნება ეს მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა, მათი უცხოეთიდან ჩამოყვანა თუ სასამართლოში კომერციული პალატების სისტემის დანერგვა - მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებად დარჩება, თუ არ იქნება რეალური პოლიტიკური ნება, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი“.
ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი: „იქ, სადაც არის გამჭვირვალობა, ადამიანების მობილიზება ხდება იმ შედეგების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოსწონთ. თუ სასამართლო სისტემაში ყველა ეტაპზე - მაგალითად, მოსამართლეების შერჩევის, მათი დაწინაურების თუ დასჯის შემთხვევაში - ასეთი ტიპის გამჭვირვალობა იქნება, რეფორმაც პოზიტიური მიმართულებით განვითარდება. დღეს გამჭვირვალობის გარეშე ძალიან რთულია ვთქვათ წინ მივდივართ, თუ - არა“.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე: „არცერთ მთავრობას არასდროს არ ესმოდა ამ ქვეყანაში ერთი რამ: სასამართლო უნდა გავიდეს სახელისუფლებო თამაშიდან და იყოს დამოუკიდებელი, იმიტომ რომ სწორედ ეს არის პირველ რიგში დემოკრატიის ამოსავალი წერტილი. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ანუ 18-20 წლის განმავლობაში, სულ სერიოზულ შეცდომებს ვუშვებთ. თუ გვინდა, რომ ეს წრე გავარღვიოთ, სასამართლო უნდა გახდეს დამოუკიდებელი“.
მსხვილი ბიზნესგაერთიანებები ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემამ - „ანალიტიკა“ - შეკრიბა. გადაცემა ეხებოდა სასამართლო რეფორმის აუცილებლობას და იმ ერთობლივ მიმართვას, რომელიც ოთხმა ბიზნესგაერთიანებამ - ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, საქართველოს ბიზნესასოციაციამ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭომ და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ იანვრის ბოლოს გაავრცელეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გააკრიტიკეს და ამ საკითხზე მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

























