მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის დანიშნულებას?

5b2f6c71bdd5e
ელენე ჩომახიძე
24.06.18 14:45
872

იმ შემთხვევაში, თუ ექიმის მიერ გამოწერილ დანიშნულებაში პაციენტს ხუთი, ან მეტი დასახელების მედიკამენტი ექნება მითითებული, მას შეეძლება, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული დანიშნულების გადამოწმებისთვის მიმართოს.

როგორც სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი BM.GE-თან საუბრისას განმარტავს, შემოწმების მექანიზმი ძალიან მარტივი იქნება.

"კერძოდ, არსებობს კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც სამინისტრო რეაგირებას მოახდენს და რეკომენდაციას გასცემს პაციენტის მიმართ. სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს მაშინ, როდესაც დანიშნულებაში არის სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით ერთი და იგივე გენერიული პროდუქტი ორი და მეტი რაოდენობით; ასევე, იმ შემთხვევაში თუკი ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებია დანიშნული ორი ან მეტი რაოდენობით. გარდა ამისა, როდესაც დანიშნულებაში არის მედიკამენტების აბსოლუტური შეუთავსებლობა, ისევე როგორც მაშინ, როდესაც ორზე მეტი ანტიბიოტიკი აქვს პაციენტს დანიშნული. არსებობს მეხუთე კრიტერიუმიც - როდესაც პაციენტს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები აქვს დანიშნული", - განმარტა ნათია ნოღაიდელმა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის მიერ ჯანდაცვის სამინისტროში როგორც ელექტრონული, ისე სოციალური მომსახურების ცენტრში წერილის შეტანის გზით წარმოდგენილ დანიშნულებებს სპეციალურად პოლიფარმაციის პრევენციისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაეცნობა, რომელიც ტექნიკური ადმინისტრატორებითა და კლინიკური ფარმაკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული.

ნათია ნოღაიდელის თქმით, აღნიშნული ჯგუფი ახლა ყალიბდება და იმდენი ადამიანი იქნება ჯგუფში, რამდენიც საჭირო იქნება არსებული დატვირთვიდან გამომდინარე.

სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტის მკურნალობის პროცესში ისინი არ ერევიან, რადგან მათი მხრიდან არ მოხდება მედიკამენტის დანიშვნის მიზნობრიობის საკითხის განხილვა, არამედ, სამინისტრო შეამოწმებს, ხომ არ არის პაციენტის დანიშნულებაში გარკვეული რისკები ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების დარღვევასთან დაკავშირებით.

"მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში გასცემს სამინისტრო რეკომენდაციას როგორც პაციენტის, ისე ექიმის მიმართ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ერთი ექიმის მიმართ წლის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი ფაქტი აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული, შესაძლებელია, ეს მომავალში გარკვეული სანქციების გამოყენების საფუძველი გახდეს", - განმარტავენ სამინისტროში.

პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ნათია ნოღაიდელის თქმით, ის უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები