პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ დაცული ლანდაშაფტის ტერიტორიებზე ენერგეტიკული პროექტების განხორციელება მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს და არა კომერციული მიზნებისთვის.
„კომერციულზე როცა ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ რომ ამას კერძო სექტორი არ უნდა ახორციელდებდეს, ვგულისხმობ, რომ არ იყიდებოდეს. თუ სიტყვაზე კონკრეტული მოსახლეობისთვის არის საჭირო 2 მეგავატი, უნდა აშენდეს ამის შესაბამისი და არა სიტყვაზე, 10 მეგავატიანი ჰესი“, - განმარტა კუჭავამ და აქცენტი მცირე ჰესების მშენებლობაზე გააკეთა.
„მაგალითად, თუშეთი სრულად დაცული ლანდაფტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული მართვის ქვეშაა, თუმცა მეორე მხრივ, იქ ცხოვრობს მოსახლეობა და გვესმის, რომ მათ სჭირდებათ ბევრი რამ, მათ შორის ელექტროენერგიაც. ომალოში მზის პანელს იყენებს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია გადამცემი ხაზებით ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა თუშეთში წყალსაცავია, სადაც მცირე ჰესის მეშვეობით შესაძლებელია ელექტროენერგიის მიწოდება. არაგვის და თრუსოს ხეობაშიც ვსაუბრობთ იგივეზე, განსაკუთრებით არაგვის ხეობაში - 20 სოფელია, რომელიც დაცულ ლანდშაფტში მოექცა. ამ 20 სოფლიდან არცერთს არ მიეწოდება ელექტროენერგია, აუცილებლია უზრუნველვყოთ ისინი ამ ენერგიით. თუმცა თუ დაიგეგმება რამე მშენებლობა, აუცილებელია მათი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე დაიგეგმოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ინფორმაციისთვის, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი შენიშვნებით დაუჭირა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, პრინციპების დონეზე – პირველი მოსმენით განიხილეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომლებშიც შედის კანონპროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, საკითხის ირგვლივ, სხდომაზე მწვავე დისკუსია გაიმართა.
არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნის თაობაზე თითქმის ყველა ერთსულოვანი იყო, თუმცა უარყოფითი პოზიცია დაფიქსირდა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გამო, რომლის შესაბამისად, დაცულ ლანდშაფტებში მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა დასაშვები ხდება.

























