მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შენიშვნები აქვს საბანკო სექტორს საკომისიოებზე ჭერის დაწესების ინიციატივაზე - ასოციაციის განმარტება

ალექსანდრე ძნელაძე

საბანკო სექტორი პარლამენტთან და ეროვნულ ბანკთან საგადახდო მომსახურებასთან და საკომისიოების ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.

საქმე ისაა, რომ ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდების შესრულების მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს. ამასთან, ეროვნულ ბანკს საგადახდო სისტემების მიმართ ახალი უფლებამოსილებები უჩნდება, მათ შორის მონიტორინგი გაუწიოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს.

როგორც BMG-ის საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა, ინიციატივასთან დაკავშირებით სექტორმა გარკვეული შენიშვნები წარადგინა, მათ შორის თუ როგორ უნდა დადგინდეს ურთიერთგაცვლის საკომისიოები. ამასთან, ასოციაციაში ამბობენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არსებობს პრეცედენტები, როდესაც ბარათით გადახდის საკომისიოების ზედა ჭერის დაწესებამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

“საკანონმდებლო ცვლილება საგადახდო სისტემის შესახებ რამდენიმე საკითხს ეხება. ეს არის ურთიერთგაცვლის საკომისიოს დადგენა, რომლის უფლებამოსილება გადაეცემა ეროვნულ ბანკს. მეორე საკითხი არის, რომ ეროვნულ ბანკს ექნება ახალი უფლებამოსილება, შეისწავლოს ესა თუ ის საგადახდო სისტემა, მათ შორის თვითღირებულება და დაადგინოს საკომისიოების გარკვეული ზედა ზღვარი. მესამე საკითხი ეხება მომხმარებლის საკომისიოს ანუ მერჩანტის [სავაჭრო ობიექტისთვის დაწესებული] საკომისიოს შეზღუდვას, ეს რეგულაცია სისტემურ ბანკებს ეხება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ე.წ. “სმარტ რუთინგის” ცნების შემოღება, რომელიც საგადახდო სისტემაში მესამე მხარეების ჩართვის ვალდებულებას გულისხმობს. ანუ თუ იარსებებს საგადახდო სისტემა, არ გექნება უფლება, უარი უთხრა მესამე მხარეებს, რომ ისინი ჩაერთონ ამა თუ იმ საგადახდო სისტემაში.

ურთიერთგაცვლის საკომისიოსთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ უნდა დადგინდეს ის. მსოფლიო პრაქტიკა არსებობს, სადაც აღნიშნულის დადგენა ხდება საკანონმდებლო ჩარჩოთი და არცერთ სტრუქტურას ინდივიდუალურად არ აქვს მისი ცვლილების საშუალება. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო რეკომენდაცია, რომ თუ ფიქსირებულად არ დადგინდება, მინიმუმ შუალედი მაინც დაადგინოს პარლამენტმა, რა დიაპაზონშიც შეიძლება ის ეროვნულმა ბანკმა შეცვალოს.

მეორე საკითხი იყო [ეროვნული ბანკისთვის] ახალი უფლებამოსილების გაჩენა. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად მიზნობრიობა განისაზღვროს, რა მიზნობრიობით იქნება აღნიშნული მოქმედება წარმართული, მათ შორის მარეგულირებლის მხრიდან და რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ანუ რა პრობლემის წინააღმდეგ უნდა იყოს აღნიშნული შეზღუდვა ან შესწავლა მიმართული.

რაც შეეხება საბოლოო საკომისიოს დადგენას, რასაც მერჩანტების [სავაჭრო ობიექტების] საკომისიოს ვეძახით. აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან რთული არის ვისაუბროთ იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკაში ძალიან ცოტა მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, სადაც ეს საკომისიო დგინდება. არცერთი კონკრეტული მაგალითი არ გვაქვს, სადაც აღნიშნულმა შეზღუდვამ კონკრეტულ მიზანს მიაღწია. როგორც იცით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში არის მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების ნაწილი. რატომ ვერ მიაღწია მიზანს? იმიტომ, რომ გარკვეულწილად შესაძლებელია, მცირე კომპანიებისთვის აღარ გახდეს ავტონომიური და თვითმყოფადი აღნიშნული მომსახურება და თეორიულად, მათ ან შეეზღუდოთ საერთოდ ამ სერვისით სარგებლობა, ან თვითონ სერვისში ჩართვის ხარჯი იმდენად დიდი იყოს ამა თუ იმ კომპანიისთვის, რომ მერე სახელმწიფოს მოუწიოს სუბსიდირება, რისი [საერთაშორისო] მაგალითებიც არსებობს.

ამ ეტაპზე საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებებია და რეკომენდაციების გაცვლა მიმდინარეობს, მათ შორის ეროვნულ ბანკთან. როგორც იცით, ეროვნული ბანკი არ არის ინიციატორი ამ საკანონმდებლო ცვლილების, მაგრამ დღეს ჩართული არის ამ ინფორმაციის [შეგროვებაში] და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ, რომ აღნიშნული ცვლილება მაქსიმალურად ობიექტურად მოემსახუროს იმ მიზნობრიობას, რისთვისაც არის ინიცირებული”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო არის დაახლოებით 5-10 თეთრი, რაც ნიშნავს რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმეს შეიძლება 90-95 თეთრი მისდიოდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურს წარმოადგენს, ეს კი ტრანზაქციის ღირებულების 5%-10%-ია. 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1.5%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1.5-2 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები