მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შენიშვნები აქვს "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას" მიწის შესახებ კანონზე?

5cace6b9b5219
ნათია ამირანაშვილი
10.04.19 10:20
690
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის მარი კაპანაძის განცხადებით, „ძალიან ფართო დისკრეციას აძლევს კანონმდებელი აღმასრულებელ ხელისუფლებას, რაც არასწორი მიდგომაა“.

ამის შესახებ კაპანაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონ-პროექტის შეფასებისას განაცხადა, რომლის ავტორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონ-პროექტში საინვესტიციო გეგმასთან მიმართებით, ძალიან ზოგადი ჩანაწერია წარმოდგენილი და ესეც მთლიანად მინდობილია მთავრობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ კორუფციის რისკები, შეიძლება ნამდვილად იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთლიანად დამოკიდებულია მთავრობასა და კონკრეტულ უცხოელ იურიდიულ პირს შორის მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა მარი კაპანაძემ.

საქმე იმაშია, რომ კანონპროექტის თანახმად, კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს:

ა) უცხოელის საკუთრებაში, თუ მიიღო მემკვიდრეობით;

ბ) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, თუ დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორს შენიშვნები აქვს სხვა მიმართულებითაც.

„კანონ-პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დომინანტი პარტნიორი იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქე, გავრცელდება ვალდებულებები, მათ შორის საინვესტიციო გეგმის წარდგენის კუთხით და შესაბამისი პასუხისმგებლობები იქნება გასხვისების ნაწილში, ხოლო თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე, მსგავსი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ არსებობს. ასევე კანონ-პროექტში არსებობს ჩანაწერი, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები არიან დომინანტი პარტნიორები კონკრეტულ ორგანიზაციაში, მაშინ მათ არ აქვთ უფლება, წილი შეიცვალონ ისე, რომ დომინანტი გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერები საქართველოს მოქალაქის პერსექტივიდანაც, არის უხეში ჩარევა კერძო ურთიერთობებში. მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი ბუნდოვანია და ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს.

საჭიროა, მისი მოწესრიგება, თუნდაც იმ კუთხით, რომ ნაწილობრივ აღმოიფხვრას არსებული ხარვეზები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, არის სახელმწიფოს მიდგომა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ვაკვირდებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, დაგეგმილია შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებში და ჩვენ ზეპირსიტყვიერადაც წარვადგენთ ჩვენს შენიშვნებს“, - აცხადებს მარი კაპანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები