მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შენიშვნები არ გაიზიარა ეკონომიკის სამინისტრომ სამშენებლო კოდექსზე?

5b1bcdcda4423
დავით ჯალაღონია
09.06.18 18:00
780

პარლამენტში "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" განხილვები მესამე მოსმენით გრძელდება.

ვიდრე დეპუტატები დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საპარლამენტო კომიტეტებზე განხილვების პერიოდში მიღებული შენიშვნები განიხილა, მათი ნაწილი გაითვალისწინა, ნაწილი კი - არა. იმ შენიშვნების ავტორი, რაც კოდექსში არ აისახა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია.

"სასურველია კოდექსი ითვალისწინებდეს მშენებლობის შემდგომი ეტაპის ისეთი საქმიანობების რეგულაციას, რომელიც მოაწესრიგებს შენობა-ნაგებობების საკომუნიკაციო ქსელებით (გაზით, დენით, წყლით) უზრუნველყოფის ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ რეალობაში ეს პროცესი საკმაოდ ქაოტურია და უმეტეს შემთხვევაში ამახინჯებს ქალაქის ქუჩების იერსახეს", - წერია კომიტეტის შენიშვნების ფურცელში, რასაც თან ახლავს ეკონომიკის სამინისტროს პასუხი, რომლის მიხედვით, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რის გამოც ამ ეტაპზე მოცემული შენიშვნა კოდექსში გათვალისწინებული არ არის.

გარდა ამისა, რომან კაკულიას თავმჯდომარეობით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მიაჩნია, რომ პრობლემატურია ამორტიზირებული სახლების თემა, რომლებსაც კულტურული/ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული, რომელთა მოწესრიგების მიზნით მოქნილი რეგულაციების მიღებაა საჭირო.

"აღნიშნული საკითხის მოწესრიგება მიეკუთვნება "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის რეგულირების თემას. კოდექსის პროექტის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კულტურული მეკვიდრეობის დაცვის საკითხები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით და არა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. აქედან გამომდინარე, კულტურული/ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობეთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოწესრიგდეს ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით", - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ კომიტეტისთვის მომზადებული პასუხების ჩამონათვალში.

კიდევ ერთი შენიშვნა, რაც სამშენებლო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით რომან კაკულიას კომიტეტს ჰქონდა, ჯარიმების გრადაციას შეეხება. კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია სანქციების გრადაცია დასახლებების ტიპების მიხედვით. ამ შენიშვნის საპასუხოდ კი ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს არ წარმოადგენს კოდექსის მიერ შემოთავაზებულ სიახლეს, რადგან მსგავსი გრადაცია მოქმედებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, რაც თავის მხრივ, სამშენებლო კოდექსშიც ჩაიწერა, რომელიც თავის მხრივ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოწონებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სამშენებლო კოდექსის პროექტი ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები