მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შეთანხმება შედგა "აგარის შაქარი"-ს მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის?

5ae7f7a180bd7
მეგი კავთუაშვილი
01.05.18 09:22
1228
"აგარის შაქრის“ ქარხნის მფლობელი კომპანიის „აზერსუნის“ წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკოლოზ ნათბილაძემ სახელმწიფოსთან შეთანხმების შესახებ პირველად BM.GE-სთან ისაუბრა. მისი თქმით, იყო მთელი რიგი საკითხები, რაც ქარხნის მომგებიანობას აფერხებდა. სახელმწიფოსთან მოლაპარაკების შემდეგ კი ეს საკითხები მოგვარდება. ნიკოლოზ ნათბილაძემ რამდენიმე მსგავსი საკითხი დააკონკრეტა.

„სხვადასხვა საკითხებია, ჯამურად შემადგენელი კომპონენტებით, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი გამოშვებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდეს. მთავარი ყველასთვის უნდა იყოს ის რომ ქარხანა გაიხსნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოჭარბებული იმპორტი იყო. მთავარი პრობლემა ევროპული შაქრის ფასსა და ნედლეულის ფასს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. ამჟამად ნედლეულის ფასი საერთაშორისო ბაზარზეც შემცირდა.

სხვადასხვა საკითხებში შეჯერება მოხდა და ყველაფერმა ამან ერთობლიობაში მიიღო ის ფორმა რომ კონკურენტუნარიან პროდუქციას შევქმნით. ქარხანა 31 დეკემბრამდე იმუშავებს, წლის ბოლოსთვის ვნახოთ როგორ იქნება ნედლეულის ფასი.“ - განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ.

რა შეთანხმება შედგა კომპანიის მენეჯმენტს, დასაქმებულებსა და სახელმწიფოს შორის და როგორ მოახერხებს ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობის გაგრძელებს? ამ კითხვით BM.GE-მ ბიზნესომბუდსმენსაც მიმართა. მოლაპარაკების დეტალები არც ირაკლი ლექვინაძეს გაუხმოვანებია. თავად ქარხნის დირექტორმა ალხან ალიზადემ კი ჩვენთან საუბარში მხოლოდ ის განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების პროცესში მისი სუბსიდირების საკითხის განხილვა არ მომხდარა.

"აგარის შაქრის" ქარხანას გუშინ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეც სტუმრობდა. მოლაპარაკების დეტალებზე ირაკლი პეტრიაშვილი არ საუბრობს. მისი თქმით, მთავარია, ის რომ დასაქმებულებმა შედეგს მიაღწიეს. შეთანხმების დეტალებზე საუბარი კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში „აგარის შაქარმა“ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. მიზეზად კი კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. ქარხანა უკვე 6 თვეზე მეტია გაჩერებულია. კერძოდ, 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის კომპანიამ თანამშრომლებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობაც. თუმცა ქარხანაში მომუშავე პირების საპროტესტო აქციების შემდეგ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქარხანა მუშაობას, სავარაუდოდ, 1 ივნისიდან გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები