მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეუწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის პოზიციის გაძლიერებას? – ISET-ის რეკომენდაციები

6401ce3505235
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.23 20:34
991
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა თხილის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. აღნიშნულის მიხედვით, ქვეყანაში თხილის წარმოებას ზრდის და ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი აქვს, რამაც შესაძლოა საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე ამ სექტორში მოწინავე პოზიცია დაუმკვიდროს.

თებერვლის მეორე ნახევარში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ასევე მთავარი გამოწვევებია განხილული, რომელიც დარგის განვითარებას აფერხებს. კერძოდ, პრობლემაა სამუშაო ძალის დეფიციტი, საშრობი, შესანახი საშუალებების არარსებობა და ნაკლებად განვითარებული სადრენაჟო სისტემები. თითოეულ გამოწვევასთან დაკავშირებით, მიმოხილვის ავტორები იმ შესაძლებლობას ასახელებენ, რომელიც დარგს პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის პოზიციების გაძლიერებისთვის 4 რეკომენდაცია დასახელდა.

პირველი და მნიშვნელოვანი რაოდენობის ნაცვლად, ხარისხისთვის პრიორიტეტის მინიჭების გზით ფასების ზრდაზე ფოკუსირებაა:

„წარმოებული თხილის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კი შესაძლოა მეტი აქცენტი გაკეთდეს თხილის რაოდენობის გაზრდაზე. თხილის წარმოების ზრდის განხილვისას თხილზე გლობალური მოთხოვნის ტენდენციებიც გასათვალისწინებელია“, - წერია მიმოხილვაში.

მეორე რეკომენდაცია თხილისგან დამზადებულ პროდუქტებზე თხილის წარმოებისა და გადამუშავების განვითარებით დამატებული ღირებულების ზრდას უკავშირდება:

„მსგავსი პროდუქტების ბაზარზე გატანა მოხდება, როგორც „ტრადიციული“ ან „ჯანსაღი“; ასეთი პროდუქტის ყველაზე ცნობილი მაგალითი ქართული ტრადიციული ჩურჩხელაა. თხილის მწარმოებლებმა მეტად უნდა გამოიყენონ საკონდიტრო ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები (AGENDA.GE, 2019)“, - ურჩევენ დარგის წარმომადგენლებს ISET-ის მკვლევრები.

მესამე რჩევა აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე შესვლის გზით ბაზრების დივერსიფიკაციაა:

„ზოგადად, საქართველოს თხილის საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია, მაგრამ ექსპორტის ნახევარი ევროპულ ქვეყნებში გადის. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ევროპული კომპანია შესაძლოა მომავალში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ადგილობრივად წარმოებულ თხილზე გადავიდეს, რისკების შესამცირებლად საჭიროა, რომ აზიური ბაზრებიც განიხილებოდეს. ქართველმა ექსპორტიორებმა შესაძლოა სცადონ სავაჭრო ურთიერთობების დამყარება ჩინეთში ან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რომლებიც ნელ-ნელა თხილის უფრო მნიშვნელოვანი იმპორტიორები ხდებიან“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

მეოთხე რეკომენდაცია კი თხილის სხვადასხვა სახეობის წარმოების გზით პროდუქტის დივერსიფიკაციაა:

„გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად შესაძლოა პროდუქტის დივერსიფიკაციის გამოყენებაც. იმის გათვალისწინებით, რომ თხილი საქართველოში ტრადიციული პროდუქტია, თხილის სხვა სახეობების (ნუში, პეკანი, ქეშიუ) წარმოებაზე გადასვლა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. თუმცა, რადგან საქართველოს კლიმატი და ნიადაგი ხელსაყრელია თხილის წარმოებისთვის, შესაძლოა არსებობდეს წარმოების დივერსიფიკაციის პოტენციალი. ბაზრის დივერსიფიკაციის მსგავსად, ქართული თხილის პოზიციას გლობალურ ბაზარზე პროდუქციის დივერსიფიკაციაც გააძლიერებს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები