დღეიდან კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. კერძოდ, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ. თუმცა, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.
გარდა ამისა, დღეიდან უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესს აუდიტორიებში აღადგენენ.
განახლდება ასევე სასკოლო წრეების მუშაობაც. ხოლო თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ. მათ საქმიანობის სრულად აღდგენის შესაძლებლობა (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან ექნებათ.
ცნობისთვის, შეზღუდვების დიდი ნაწილი 1 მარტიდან ეტაპობრივად გაუქმდა. გახსნილია სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები - მათ შორის შაბათ-კვირასაც. ასევე სასწავლო პროცესი განახლდა სკოლებში, საბავშვო ბაღებმაც განაახლეს მუშაობა. გახსნილია მთის კურორტები და რესტორნების როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები.
რაც შეეხება ე.წ კომენდანტის საათს, ჯერჯერობით, მოქმედებს, რომელის გადაწევაზე ან გაუქმებაზე საუბარი არ არის.