ქართული ტექნოლოგიური კომპანია Roamingo, რომელიც მოგზაურებს მარტივ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ საერთაშორისო მობილურ ინტერნეტს მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს, განვითარებას განაგრძობს.
"როუმინგოს" მმართველი პარტნიორი და "ლემონდუს" დამფუძნებელი, ლევან კილაძე, BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ აღნიშნავს, რომ იდეა ტრადიციული როუმინგის პრობლემებიდან წარმოიქმნა : ინტერნეტი საზღვარგარეთ ხშირად ძვირი, ნელი და რთულად ხელმისაწვდომი იყო, შესაბამისად ფინანსურ სირთულეებსა და გაურკვევლობის შეგრძნებას ქმნიდა.
„"როუმინგო" ბაზარზე დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გავუშვით. ჩვენი მიზანი იყო შექმნილიყო მარტივი აპლიკაცია, სადაც ერთი დაჭერით შეიძლება საერთაშორისო eSIM-ის ჩაყენება სმარტფონზე. დღეს ეს მომსახურება ფარავს 190-ზე მეტ ქვეყანას და 1 000-ზე მეტ ოპერატორს, უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარეს და ხარისხიან ინტერნეტს, თანაც 1 გეგაბაიტი ინტერნეტის ფასი იმაზე იაფია, ვიდრე აეროპორტში 1 ბოთლი წყალი“, - ამბობს კილაძე.
კილაძე აღნიშნავს, რომ Roamingo მომხმარებელს არა მხოლოდ საერთაშორისო ინტერნეტს, არამედ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებით გამარტივებულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც მოგზაურობისას სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს. მათ შორისაა, პლატფორმაზე ჩაშენებული VPN ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დაბლოკილი საიტები და აპლიკაციები მარტივად გახსნან.
„საწყისი წერტილი იყო, რომ ინტერნეტი ყოფილიყო TOP ხარისხი, რისთვისაც ბევრ ოპერატორთან ინტეგრაცია გავაკეთეთ, რათა ყოველთვის მაღალი ხარისხის სიგნალი მიეწოდოს მომხმარებელს. ამას გარდა, დავამატეთ მცირე ფუნქციები, რომლებიც მოგზაურობისას პრობლემებს აგვარებს – აპლიკაცია მუშაობს მაშინაც, როდესაც თქვენ ის არ გახსოვთ“, – აღნიშნავს კილაძე.
გარდა ამისა, კომპანიის მმართველი პარტნიორის თქმით, მომხმარებელს, ინტერნეტის ამოწურვის შემდეგ, Roamingo საშუალებას აძლევს დამატებითი მეგაბაიტები გამოიყენოს, რათა სახლამდე, სასტუმრომდე ან WiFi-მდე მისვლა შეძლოს.
მისივე განმარტებით, საწყის ეტაპზე კომპანია კონცენტრირებული იყო პირდაპირ მომხმარებელზე, თუმცა მალე დაიმკვიდრა ადგილი B2B სექტორშიც. სადაზღვევო კომპანიებმა, ბანკებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და ავიაკომპანიებმა უკვე ჩასვეს Roamingo-ს ინტერნეტი თავიანთ პაკეტებში, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით სარგებელს ქმნის. კილაძის განცხადებით, განსაკუთრებული პარტნიორობა აკავშირებთ Globant Visa-სთან, რომელთანაც კომპანიას სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს.




























