ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია იმ გამოწვევებს ასახელებს, რომელთა გამოც, მისი შეფასებით, საქართველოში ინვესტორები „წვალობენ“. სისტემური პრობლემების შესახებ გიორგი ქობულიამ გადაცემაში „Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ პარამეტრებს გადასალახია სხვადასხვა სექტორში სპეციფიური ბარიერები, რაც სისტემური ბარიერებია:
„ესენია - გადაწყვეტილებების მიღების ხარისხი და გადაწყვეტილების მიღების ტემპი, რაც დამოკიდებულია მეტწილად ჩვენი სახლემწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ამასთან ერთად, არის რამდენიმე სხვა სისტემური დაბრკოლება, ერთ-ერთი მათგანი ეხება ინვესტორებთან მუშაობის გააქტიურებას და გაძლიერებას. ერთ- ერთი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვამუშავებდით და რომელიც უნდა დაინერგოს, ეს არის ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნა.
დღეს ინვესტორი, რომელიც დადის სხვადასხვა უწყებაში და ცდილობს სხვადასხვა საკითხი გადაწყვიტოს სახელმწიფო უწყებებთან, ეს ინვესტორი მოვა მხოლოდ ერთ უწყებაში, ეს უნდა იყოს ალბათ ეკონომიკის სამინისტრო და მისთვის უნდა იყოს გადაწყვეტილი ყველა პრობლემა. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცადეთ, ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩემი მინისტრობისას ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ იყო და ბევრი ინვესტორი, როგორც იტყვიან ქართულ ენაზე, ძალიან წვალობდა. ეს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პრობლემა, იმიტომ რომ ალბათ უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ჩვენ დღეს საქართველოში არ გვაქვს ძალიან ბევრი საერთაშორისო და უცხოელი ინვესტორებისათვის მიმზიდველი ბაზარი”,- აცხადებს ქობულია.
მისივე შეფასებით, საქართველოს ბაზარი ინვესტორებისათვის საკმაოდ პატარა, კადრების კვალიფიკაცია დაბალია, რაც ასევე უნდა გამოსწორდეს.
„თუ ბაზარი მცირეა და ინვესტორს ექსპორტისთვის სურს საქონელი აწარმოოს, ექსპორტზე გასატანად საჭიროა, ეფექტური ლოგისტიკური სისტემები. და ეს ლოგისტიკური სისტემები არ არის დღესდღეობით საქართველოში ეფექტური. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ სირთულეს ქმნის, იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტორები შემოვიყვანოთ. ამას რომ მოვერიოთ და რაღაცნაირად გავაბათილოთ, უნდა შევქმნათ ინვესტორთა მხარდაჭერის ძალიან მაღალეფექტური მექანიზმი.
ინვესტორი რომ მოდის, იმას იმდენად უნდა მოვეფეროთ, იმდენად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მინუსები გავაბათილოთ. ინვესტორთან მუშაობის ერთი ფანჯრის პრინციპის შექმნა, რომელიც გულისხმობს, რომ ინვესტორისთვის საკითხი სწრაფად წყდებოდეს და თვეების მანძილზე ნებართვებს არ ელოდებოდეს, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. ამასთან ერთად, მე ვიტყოდი მეორე ელემენტს: ჩვენ აუცილებალდ უნდა შევეცადოთ, რომ იმ სექტორებში სადაც გვაქვს უპირატესობა, მოვიზიდოთ ინვესტორები. უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მოვიზიდოთ სახელიანი საერთაშორისო კომპანიები. აქ არის წიაღისეულზე ლაპარაკი -გვაქვს კარგი შეთავაზებები. გვაქვს მარაგები სპილენძის და ოქროსი, რაც საინტერესოა საერთაშორისო კომპანიებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები ელექტროგენერაციაში, სადაც შეგვიძლია მოვიწვიოთ სახელიანი კომპანიები. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები სახელმწიფო პროექტებში ინფრასტრუქტურის მშენებლობაში - აი ეს სექტორები უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმისთვის რომ შევასრულოთ სამუშაოები, ანუ არა მარტო ავაშენოთ ინფრასტრუქტურა, არამედ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შემოვიყვანოთ საერთაშორისო სახელების მქონე კომპანიები, რომლებიც შემდგომ ჩვენს ქვეყანას შეუქმნიან პოზიტიურ იმიჯს. და ეს იმიჯი იქნება შემდეგ საერთაშიროსო დონეზე იმის საწინდარი, რომ მოიზიდო კიდევ მეტი სხვა სექტორის კომპანია. ეს არის ერთერთი სტრატეგიული ხედვა, რომელიც მე მქონდა”,- აცხადებს ქობულია.

























