მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სქემით მიიღებს საქართველოს რკინიგზა ₾8-მილიონიან საბიუჯეტო დახმარებას? - კომპანიის პასუხი

საქართველოს რკინიგზა მატარებელი

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფოსგან მგზავრთა გადაყვანის სერვისის შესრულებისთვის 8 მილიონი ლარის დაფინანსებას მიიღებს - შესაბამის შეთანხმებას ხელი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ” და “საქართველოს რკინიგზამ” მოაწერეს.

BMG-მ პროექტის შესახებ მიმართა საქართველოს რკინიგზას, სადაც წერილობით გვიპასუხეს, რომ 8 მილიონი ლარი წარმოადგენს 2024 წელს მისაღები დაფინანსების ზღვრულ ოდენობას, ხოლო უშუალოდ რა თანხას მიიღებს კომპანია ეს იმ პარამეტრებით დადგინდება, რომლებიც სააგენტოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაშია განსაზღვრული.

"8 მილიონი ლარი წარმოადგენს 2024 წლისთვის გასაცემი თანხის ზღვრულ (მაქსიმალურ) ოდენობას და კომპენსაციის კონკრეტული მოცულობა დამოკიდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ცალკეულ დებულებების შესრულებაზე, ხოლო გადახდა კი მოხდება ეტაპობრივად. რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანისთვის „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაწეული ხარჯის დაფარვის მოცულობას, აღნიშნული ინფორმაციის ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის დასრულების შემდგომ.

2025 წლის კომპენსაციის ზღვრული (მაქსიმალური) ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისად.

სხვა მიმართულებებთან ერთად, აქტიურად ხდება მარშრუტების, რეისების სიხშირის, მგზავრობის ტარიფების, მატარებლების დასუფთავების საკითხებისა და მგზავრთა მოთხოვნების შესწავლა, რის შედეგადაც ყოველი წლის დასაწყისში, განხორციელდება მომდევნო წლის/წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს ტექნიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნებთან.

შესაბამისად, გამოკვეთილი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, არსებული რესურსების ფარგლებში, მოხდება მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით სხვადასხვა ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვა”, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

საქართველოს რკინიგზა არაერთი წელია მიუთითებს, რომ მგზავრთა გადაყვანის სეგმენტი მათთვის ზარალიანია და რომ მნიშვნელოვანია EU-ს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული მიმართულებით კომპენსირება დაიწყოს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადი 42%-ით, 2.28 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა, მგზავრებიდან მიღებული შემოსავალი კი 50%-ით 41.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს რკინიგზის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი მილიონი ლარის ზარალი იყო დაკავშირებული გასულ წელს სამგზავრო გადაყვანებთან, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს რკინიგზის ზარალი ამ საქმიანობიდან 7.5 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები