ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს დავით სერგეენკოს ექიმი ანზორ მელია პროფესიონალად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ როგორც მენეჯერს, მას სუსტი მხარეებიც ჰქონდა.
"მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ როდესაც მინისტრი ინიშნება პოსტზე და მით უმეტეს, პრაქტიკოსი, ის კაბინეტში არ უნდა იჯდეს. ის აუცილებლად უნდა დადიოდეს სხვადასხვა კლინიკებში. სულ სხვა არის, როცა მოდის მინისტრი და ერკვევა ჩვენს ყოველდღიურ გაჭირვებაში", - აღნიშნა მან.
ექიმ ზაზა სინაურიძის შეფასებით კი დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა ის ჯანდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის საქმიანობას ეფექტიანს უწუნებს.
"ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა ამ პერიოდში. მე მგონია, რომ უფრო ეფექტურად შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ჯანდაცვა დგას სამ ვეშაპზე, ეს არის ხელმისაწვდომობა - გეოგრაფიული და ფინანსური, ხარისხი და ხარჯეფექტურობა. ჩვენთან, საქართველოში, ხელმისაწვდომობას როგორც გეოგრაფიულს, ისე ფინანსურს, საყოველთაო ჯანდაცვით მივაღწიეთ, მაგრამ აბსოლუტურად შორს ვართ იმ ნიშნულამდე, რასაც ხარისხი და ხარჯეფექტურობა ჰქვია.
ჩვენ დავიწყეთ რაღაც 10 მანეთით, ახლა ავედით 100-ზე, მერე ავალთ 1000 მანეთამდე. შესაბამისად, თუ ამას ჩვენ ბარიერები არ დავუწესეთ, პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა აშშ ვერ უძლებს ამას და ჩვენ გავუძლებთ? მარტო ტურისტების ხარჯზე ვერ ავაშენებთ ქვეყანას. ჩემი აზრით, უფრო ეფექტური გზები არსებობდა, რომ დალაგებულიყო ეს სიტუაცია, რაშიც დღეს ჩვენ ვართ", - აცხადებს BM.GE-თან ინტერვიუში ზაზა სინაურიძე.

























