იანიკ სინერმა უიმბლდონის ფინალში კარლოს ალკარასი ოთხ სეტში დაამარცხა - 4:6, 6:4, 6:4, 6:4. ამ გამარჯვებით სინერმა რევანში აიღო მაისში გამართული საფრანგეთის ღია პირველობის ფინალისათვის, სადაც ალკარასმა ორი სეტის წაგების შემდეგ უკან მოიტოვა და თითქმის ხუთსაათიანი თამაშის შემდეგ ტიტული მოიპოვა.
„პარიზში ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადე, უნდა გააცნობიერო, სად დაუშვი შეცდომა, იმუშაო ამაზე – ზუსტად ეს გავაკეთეთ. ვეცადეთ მარცხი მიგვეღო და მუშაობა გაგვეგრძელებინა“ - თქვა სინერმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში.
ეს სინერისთვის ზედიზედ მეოთხე დიდი სლემის ფინალი და კარიერის მეოთხე სლემის ტიტულია — ავსტრალიის ღია პირველობა 2024 და 2025 წლებში, აშშ-ის ღია პირველობა 2024-ში და ახლა უიმბლდონი.
ტურნირზე გამარჯვებისთვის იტალიელმა £3 მილიონი (დაახლოებით $4.05 მილიონი) გამოიმუშავა. მისი კარიერული შემოსავალი გაიზარდა $45.7 მილიონამდე, რაც მას ყველა დროის რეიტინგში მერვე ადგილზე აყენებს. ალკარასმა, რომელმაც $2.05 მილიონი მიიღო ფინალის წაგებისთვის, უკვე ყველა დროის მეექვსეა $47.3 მილიონით, 22 წლის ასაკში.
სინერს საოცრად სტაბილური სეზონი აქვს – 73 მოგება და მხოლოდ 6 წაგება 2024 წელს, ზედიზედ 9 ფინალი, სანამ ჰალეს ტურნირზე მერვედფინალში არ დამარცხდა. ეს მისი კარიერის მე-20 ტიტულია, და უკვე 57 კვირაა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია. სინერი გახდა უიმბლდონის ტურნირის პირველი იტალიელი გამარჯვებული მამაკაცებში.
გასულ წელს სინერი დისკვალიფიცირებული იყო სამთვიანი ვადით მას შემდეგ, რაც მას კლოსტებოლის (აკრძალული ანაბოლური სტეროიდი) ორი დადებითი ტესტი აღმოაჩნდა. სპორტული კეთილსინდისიერების საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) სინერი პასუხისმგებლად არ ცნო, რადგან დამოუკიდებელი მოსმენის შედეგად დადგინდა, რომ მას მკურნალობისას ფიზიოთერაპევტმა ხელი სპრეით დაუმუშავა, რომელიც კლოსტებოლს შეიცავდა.
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ერთ ან ორწლიან დისკვალიფიკაციას ითხოვდა, თუმცა სინერთან შეთანხმება მხოლოდ სამთვიან დისკვალიფიკაციაზე შედგა.
2024 წელს სინერი და ალკარასი საპრიზო თანხებით, რეკლამებითა და გამოჩენების საფასურით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელები იყვნენ. სინერი 43-ე ადგილზე იყო Sportico-ს უმაღლესი შემოსავლის მქონე ათლეტთა სიაში $52.3 მილიონით, ხოლო ალკარასი — 87-ე ადგილზე $40.3 მილიონით. სხვა ჩოგბურთელი ტოპ-100-ში არ ყოფილა. სინერს 10-ზე მეტი სპონსორი ჰყავს, რომელთა შორისაც არიან: Nike, Lavazza, Head, Rolex, De Cecco და L’Oreal.




























