მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თანხა გამოიმუშავა ოლეკსანდრ უსიკმა დენიელ დუბუას დამარცხებით?

უსიკი ჩემპიონია

დაუმარცხებელმა უკრაინელმა ოლეკსანდრ უსიკმა “უემბლიზე” გამართულ პროფესიონალური კრივის მასშტაბურ საღამოს ბრიტანელი დანიელ დუბუა მეხუთე რაუნდში დაანოკუატა და სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

უსიკი და დუბუა ერთმანეთს პირველად 2023 წლის აგვისტოში დაუპირისპირდნენ და მაშინ უკრაინელმა გამარჯვება მე-9 რაუნდში იზეიმა, თუმცა ბევრი მსაჯების გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევდა. მას შემდეგ დუბუამ ჯარელ მილერი და ფილიპ ხრგოვიჩი დააფინიშა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის (IBF) ბრძოლა მიიღო, რომელიც უსიკმა დათმო.

38 წლის უკრაინელისა და 27 წლის ბრიტანელის რევანშმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. გარდა იმისა, რომ საქმე მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს ეხებოდა, სოლიდური იყო მოკრივეებისთვის დაპირებული ჰონორარებიც. აღნიშნული დაპირისპირებიდან მებრძოლებმა დაახლოებით $200 მილიონის ფარგლებში მიიღეს, გამარჯვებულ უსიკს თანხის 65%, ხოლო დამარცხებულს 35% ერგო, აქედან გამომდინარე უკრაინელის ჰონორარი $132 მილიონია, დუბუას კი $71. აღნიშნული თანხები ორივე მოკრივისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანია, საერთოდაც ეს ბრძოლა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი გახლდათ.

ბრძოლა მეხუთე რაუნდში უსიკის ძლიერი დარტყმის შედეგად დასრულდა, რომლის შემდეგაც ბრიტანელმა მსაჯის ათვლისას ფეხზე წამოდგომა ვერ მოახერხა. შედეგად უკრაინელმა დაიბრუნა IBF-ის ტიტული და მეორედ გახდა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი.

დაუმარცხებელმა უსიკმა მე-13 სატიტულო ბრძოლა მოიგო და ის რჩება მსოფლიოს ერთადერთ აბსოლუტურ ჩემპიონად XXI საუკუნეში. სულ კი ოლეკსანდრ უსიკს პროფესიონალურ კარიერაში 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა მოიგო, მათ შორის 15 - ნოკაუტით.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს იბრძოლა და გაიმარჯვა საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა გურულმა, რომელიც მეორე პროფესიონალურ ბრძოლას ატარებდა.
ქართველი მოკრივის მეტოქე აგრეთვე ბრიტანელი ჯეიმს ფრენსისი იყო, რომელსაც კარიერაში რვა ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 7 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა.

ლაშამ ბრიტანელ მეტოქეს ლონდონში შანსი არ დაუტოვა. ბრძოლა 6 რაუნდიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა გურულმა მეოთხე რაუნდის ბოლოს ფრენსისს ისეთი ზიანი მიაყენა, რომ ბრძოლა გაჩერდა. გურულმა კი კარიერაში მეორე გამარჯვება იზეიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები