15 ნოემბერს, ტეხასში არლინგტონის AT&T სტადიონზე პროფესიონალური საკრივო დაპირისპირება შედგა, ვეტერან მოკრივე მაიკ ტაისონსა და იუთუბერ ჯეიკ პოლს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 8 რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი პოლს დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ტრანსლაციას მსოფლიოში უდიდესი სტრიმინგ პლატფორმა Netflix ახორციელებდა, რომლის მხრიდანაც ლაივ სპორტის გაშუქების პირველი შემთხვევა იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრძოლას თვალი სტადიონიდან 70 ათასმა ადამიანმა ადევნა და ბილეთების გაყიდვიდან ორგანიზატორებმა 17,8 მილიონი დოლარი მიიღეს, რაც ტეხასის შტატში გამართულ საკრივო ღონისძიებებს შორის, სარეკორდო შემოსავალია.
წარსულში რეკორდი არლინგტონში ჩატარებულ საულ ალვარესისა და ბილი ჯო სანდერსის დაპირისპირებას ეკუთვნოდა, რომელმაც ტაისონისა და პოლის შეხვედრაზე თითქმის ორჯერ ნაკლები, 9 მილიონიანი შემოსავალი დააგენერირა.
რაც შეეხება მებრძოლების მიერ გამომუშავებულ თანხებს, პოლმა გარანტირებულ თანხად 40 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო მაიკ ტაისონს 20 მილიონი ხვდა წილად. რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, სხვადასხვა გადამყიდველურ საიტებზე ფასები 58$-დან 1500$-მდე მერყეობდა.