2025 წლის აფრიკის ერთა თასი სენეგალის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მასპინძელი მაროკო ძალიან დრამატულ მატჩში დამატებით დროში დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო.
რაც შეეხება ჩემპიონატის ფინანსურ დეტალებს, მას შემდეგ, რაც CAF-ის (აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია) პრეზიდენტის პოსტი პატრის მოტსეპემ დაიკავა, ტურნირის ეკონომიკური ზრდა თვალსაჩინოა. მაროკოში გამართულმა გათამაშებამ გაამყარა AFCON არა მხოლოდ როგორც სპორტული გრანდი, არამედ როგორც შეჯიბრება, რომელსაც შეუძლია კონტინენტის მასშტაბით ფედერაციების ფინანსური გარდაქმნა.
ტურნირის საპრიზო თანხები საბოლოოდ განისაზღვრა გუნდების შედეგების მიხედვით. ანაზღაურება ასე გადანაწილდა:
- ჯგუფურ ეტაპზე გამოვარდნილები - $500 000
- საუკეთესო მესამეადგილოსნები - $700 000
- მერვედფინალში გამოვარდნილები - $800 000
- მეოთხედფინალში გამოვარდნილები - $1.3 მილიონი
- ნახევარფინალისტები - $2.5 მილიონი
ამგვარმა განაწილებამ საშუალება მისცა ისეთ ნაკრებებსაც, რომლებსაც აფრიკულ ფეხბურთში მდიდარი ისტორია არ აქვთ, სამშობლოში უპრეცედენტო შემოსავლებით დაბრუნებულიყვნენ.
ფინალისტებმა სენეგალმა და მაროკომ გარანტირებულად მიიღეს $4 მილიონი, თუმცა ტურნირის მოგებისთვის სენეგალმა $7 მილიონი გამოიმუშავა, რაც რეკორდული მაჩვენებელია შეჯიბრების ისტორიაში.
ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე დაგროვებული ყველა პრიზის გათვალისწინებით, ჩემპიონს შეეძლო საერთო ჯამში $11.6 მილიონამდე მიეღო, რაც აფრიკის ერთა თასის ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური მოგებაა.
ეკონომიკური თვალსაზრისით, AFCON უკვე აშკარად უსწრებს ისეთ ტურნირებს, როგორიცაა ოქროს თასი (Gold Cup), აზიის თასი და ოკეანიის ერთა თასი, სადაც საპრიზო თანხები მნიშვნელოვნად დაბალია. თუმცა იგი კვლავ ჩამორჩება საერთაშორისო საფეხბურთო ფინანსურ გიგანტებს:
- კოპა ამერიკა - ჩემპიონი იღებს მაქსიმუმ $16 მილიონს
- ევროპის ჩემპიონატი - ყველაზე შემოსავლიანი ტურნირი, სადაც საპრიზო თანხები 28 მილიონ ევროს აღემატება
მიუხედავად ამისა, AFCON რჩება აფრიკაში ყველაზე დიდ თანხებს გამანაწილებელ ტურნირად და წარმოადგენს ეროვნული ნაკრებების სტრუქტურული განვითარების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.




























