“ლივერპულის” მხრიდან რიგით მეოცე ინგლისის ჩემპიონატის მოგებით, მერსისაიდელები ახლა რეკორდს “მანჩესტერ იუნაიტედთან” იყოფენ, ეს კი გარანტირებულად გაზრდის შემოსავლებს და მიმდინარე სეზონს კლუბის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანად აქცევს. მოსალოდნელია, რომ “ლივერპულის” წლიური შემოსავალი £700 მილიონს პირველად გადააჭარბებს.
სქაუზერების შემოსავლების ზრდა იმას ნიშნავს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” - კლუბი, რომელიც წინა 32 პრემიერ ლიგის სეზონიდან მხოლოდ ერთის გამოკლებით ფინანსურად ყოველთვის წინ იყო - 2024-25 წლების სეზონში ლივერპულის ჩრდილში მოექცევა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
ტიტულის დაბრუნება, რომელიც ბოლოს 2019-20 წლების სეზონში მოიგეს, "ლივერპულს" პრემიერ ლიგიდან ყველა დროის უმსხვილეს ანაზღაურებას მოუტანს. “მანჩესტერ სიტიმ” ბოლო ორ საჩემპიონო სეზონში £176 მილიონი მიიღო. “ლივერპულსაც” მსგავსი სარგებელი ელოდება.
ვერცერთი კონკურენტი ვერ მიიღებს მეტ ე.წ. "merit payments"-ს, ანუ წარმატებაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას, ვიდრე ჩემპიონი გუნდი, ხოლო მერსისაიდელები ასევე მიიღებენ უმაღლეს სატელევიზიო ჰონორარსაც, რადგან კლუბი ბრიტანეთში 29-ჯერ აჩვენეს ტელევიზიით, იგივე რაოდენობით, როგორც "არსენალი". როდესაც ყველა კომპონენტი დაითვლება, შესაძლებელია “ლივერპულმა” მხოლოდ პრემიერ ლიგის ბიუჯეტიდან £180 მილიონზე მეტიც კი გამოიმუშაოს.
ამავდროულად Nike-ის ამჟამინდელი, უკვე დასასრულს მიახლოებული, კონტრაქტი კლუბის გაჩემპიონების შემთხვევაში გარანტირებულ £2 მილიონიან ბონუსსაც ითვალისწინებდა. ეს თანხა, ცხადია წლიურ £60-მილიონიან შემოსავალს ვერ შეედრება, თუმცა მაინც ერთგვარად გამოსამშვიდობებელი საჩუქარია, სანამ აგვისტოში Adidas-თან ახალი შეთანხმება შევა ძალაში.
ამავდროულად ინგლისური კლუბი აგრძელებს კომერციული შემოსავლების ზრდას, რომელიც ბოლო შვიდ წელში გაორმაგდა და 2023-24 წლებში £308 მილიონს მიაღწია. მართალია, ეს პირდაპირ არ უკავშირდება ჩემპიონობას, მაგრამ ხუთი წლის წინ მოპოვებული ტიტულის შემდეგ კომერციული შემოსავალი წლიურად 15%-ით გაიზარდა.
შემდეგ წელს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიში შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ პრემიერ ლიგის ტიტული დამატებით გამოიწვევს პროდუქციის გაყიდვების, გულშემატკივრების ჩართულობისა და ბრენდის გაძლიერების ზრდას. მაშინ, როცა კონკურენტებს ბოლო დროს კრიზისი შეექმნათ, “ლივერპულმა” თავისი იმიჯი გააძლიერა და კომერციული პარტნიორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველად იქცა სეზონში, რომელმაც ისინი ინგლისური ფეხბურთის მწვერვალზე დააბრუნა.
“ლივერპულმა” ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე უმსხვილეს კომპანიასთან ითანამშრომლა, მათ შორის: UPS, Google, Peloton და Japan Airlines. აქედან გამომდინარე, 2023-24 წლების £308-მილიონიანი კომერციული შემოსავალი მიმდინარე სეზონში უდავოდ კიდევ უფრო გაიზრდება.