ახალი წლისთვის საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ქალაქის გაფორმებისა თუ ღონისძიებების ჩატარებისთვის თანხებს გამოყოფს. საქართველოს ზოგიერთ ქალაქს ამ მიმართულებით ტენდერები უკვე გამოცხადებული აქვს, თუმცა, ეს სრული ჩამონათვალი არ არის.
საქმის კურსის მიერ შეკრებილი ინფორმაციის მიხედვით, ჯერჯერობით ყველაზე დიდი თანხა წინასაახალწლო ღონისძიებებისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტს აქვს გამოყოფილი. ტენდერის მიხედვით, 84 745 ლარად ბორჯომის მუნიციპალიტეტს რამდენიმე სერვისის მიღება სურს: სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები; გამოფენების, ბაზრობებისა და კონგრესების ორგანიზება; კულტურული ღონისძიებების ორგანიზება.
ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურების აღდგენა - მონტაჟის სამუშაოებისთვის ქუთაისის მერიას 50 781 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია.
მარნეულში საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვისთვის 38 986 ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღება 12 დეკემბერს სრულდება.
ჯამურად 19 ათას ლარამდე ორი ტენდერია გამოცხადებული კასპში. საახალწლო ღონისძიებისთვის აქსესუარების აღდგენა-მოწყობის მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6, 858 ლარია, საახალწლო გასანათებელი აქსესუარების შესყიდვისთვის კი 11 938 ლარი.
ბოლნისში გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების შესაძენად 25 250 ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღება 11 დეკემბერს სრულდება.
25 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი მესტიის მუნიციპალიტეტს წინასაახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის. ხაშურის მუნიციპალიტეტი კი საახალწლო ქალაქგაფორმებითი სამუშაოებისთვის 25 423 ლარს დახარჯავს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი კი საახალწლო განათების მასალების შესყიდვისთვის 27 ათას ლარს ხარჯავს, ფოთს საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარის შესყიდვისთვის 20`614 ლარი აქვს გამოყოფილი, ზესტაფონს საშობაო ნაძვის ხის ნათურებისთვის 7,700 ლარი.

























