საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან საქართველოს ბიუჯეტში 42,5 მილიონი ლარი შევიდა. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ფიქსირდება.
აღნიშნული თანხა დაახლოებით 10 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე, როდესაც ნაერთ ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან 32,3 მილიონი ლარი შევიდა.
წლევანდელი ჯარიმებიდან 25,5 მილიონი ლარი სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტშია შეტანილი, 17 მილიონი კი სახელმწიფო ბიუჯეტში.
რაც შეეხება, ჯარიმებს, რომლებიც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესების დარღვევის გამო გამოიწერა, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა მიმდინარე წლის 7 თვეში 3 მილიონი ლარი შეადგინა. შარშან ანალოგიურ პერიოდში კი ბიუჯეტმა ამავე ტიპის ჯარიმებიდან 5 მილიონი ლარი მიიღო.
რაც შეეხება უბილეთო მგზავრობას, საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში ჯარიმებიდან 332,505 ლარი შევიდა.

























