საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად 2013 წელს დაჯარიმდა - 13,572 პირი, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9,142-მდე შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, მაშინ ჯარიმათა საერთო ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6,786,000 ლარი, ხოლო 2014 წელს 4,571,000 ლარი. ამის შესახებ ნათქვამია „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების“ (RIA) დოკუმენტში, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა გუშინ განიხილა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას.
"საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული სახდელები და საპროცესო გარიგების მექანიზმი მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ნარკომომხმარებელთა ოჯახებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის ყველაზე მეტი მსჯავრდებულია 2014 წელს - 4,003 პირი, რომელთაგან 24,3%-ის შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, 52% - პირობითი მსჯავრი, ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში - ჯარიმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მსჯავრდებულთა კლებადი ტენდენცია შეინიშნებოდა და 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ გამკაცრდა და 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, 273-ე მუხლით მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014 წელს შეადგენს 4,003 პირს, რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღებისთვის მსჯავრდებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 წელს - 2,336 პირი. 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა სისხლის სამართლის 260-ე და 273-ე მუხლების გამო მსჯავრდებულთა რაოდენობა; აგრეთვე, შემცირდა ამ მუხლებით გასამართლებული პირების მიმართ თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ზომის, გამოყენება",- ნათქვამია დოკუმენტში.

























