მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხად მოხდება ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის მიერ ბიზნესების თანადაფინანსება?

60b0ccc2dcd28
ლიკა გურაბანიძე
28.05.21 22:30
597

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან პროგრამის ახალი ინიციატივა ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის (Matching Fund) დაარსება განიხილა, რომელიც საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი კომპანიების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელის პაატა სირბილაძის თქმით, წინასწარ არის განსაზღვრული ტურისტების მოზიდვის მიზნით ბიზნესები ციფრული მარკეტინგის კამპანიებში რა სახის ბიუჯეტს ჩადებენ. ეს ბიუჯეტი 500 ლარიდან 20 ათას ლარამდე მერყეობს, ხოლო პროგრამა ამის სრულ თანადაფინანსებას ახდენს.

“გარდა ამისა, ვქირაობთ კომპანიას, რომელიც ციფრული მარკეტინგის განვითარებაში მხარს დაგვიჭერს. ის ბიზნესებს სხვადასხვა არხებში რეკლამის ჩაშვების გარდა სამიზნე აუდიტორიის ოპტიმალურად შერჩევაში დაეხმარება. ტურიზმის მხარდამჭერი ფონდის თითოეული ბენეფიციარი ციფრული მარკეტინგის კომპანიასთან ინდივიდუალურად იმუშავებს.

ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თანადაფინანსებასთან ერთად, რომელსაც ფონდი ახორციელებს, რათა მათი განვითარება იყოს მდგრადი და მომგებიანი. ასევე აქ დამატებით მრავალფეროვან კონტენტზეა საუბარი, მათ შორის ვიდეო და ფოტოზე", - განმარტა სირბილაძემ.

ცნობისთვის: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერის ფონდს ქმნის. ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს სოციალურ ქსელებში და ონლაინ სარეკლამო პლატფორმაზე საკუთარი ბიზნესის შესახებ ცნობადობა გაზარდონ. ინიციატივის ფარგლებში შერჩეული კომპანიები საკუთარი სარეკლამო კამპანიებისთვის მათ მიერ გამოყოფილი თანხის ზუსტად იგივე რაოდენობას მიიღებენ დამატებით ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის მიერ.

ფონდის ოპერირების სამიზნე სექტორებია: მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები, რესტორნები და რეგიონში მდებარე მცირე და საშუალო მეღვინეობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები