თბილისის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტით, 2019 წლისთვის ბიუჯეტი 871 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის ბიუჯეტის პირველად დამტკიცებულ ვარიანტზე 10 მილიონით მეტია, თუმცა, ჩამორჩება მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტს, რომელიც 912 მილიონ ლარს შეადგენს.
აღნიშნული თანხების დახარჯვა შემდეგ მიმართულებებზე იგეგმება:
• სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–აღდგენა 105 858,5
• ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა - 173 797,7
• ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება 92 996,0
• ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 5 897,0
• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება 20 648,1
• ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 191 030,7
• განათლება 159 063,2
• კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 21 593,4
• საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 3 608,8
• თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები 97 138,1
ეკონომიკური მიმართულება არის საკითხი, სადაც მომავალი წლისთვის თბილისის მერიას ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს გათვალისწინებული. ამ მიმართულებით 2019 წელს 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. აქედან ყველაზე მეტი თანხა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადებას მოხმარდება, რომლისთვისაც 6 მილიონიდან 3,9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პროექტის ფარგლებში კვლევები ჩატარდება, რომელთა საფუძველზე დამუშავდება განაშენიანების გეგმების და სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტები. მოხდება სამშენებლო და არასამშენებლო არეალების იდენტიფიცირება, ფუნქციური ზონირების დაზუსტება და ა.შ.
კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება ბიუჯეტში არის თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა. ამ პროგრამისთვის დედაქალაქის მთავრობას ნახევარ მილიონზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემომყვანი და ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერა, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სხვადასხვა ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, გამოფენების გამართვის გზით თბილისის პოპულარიზაცია და მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა. პროექტის ფარგლებში მოხდება ქალაქის რეკლამირება მიზნობრივ ბაზრებსა და ღონისძიებებზე; ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში შესაბამისი მასალების განთავსება და ა.შ.
თბილისის ბიუჯეტში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გვხვდება ბიზნესის სტიმულირების კომპონენტიც, რომლისთვისაც 892 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში მოხდება ქალაქისათვის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების შერჩევა და მათი მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიებებით, როგორიცაა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების ორგანიზება; ბიზნეს გეგმების დაწერაში დახმარება, ბიზნესის მხარდაჭერა ადგილობრივ გამოფენებში და ა.შ.
ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ასევე განსაზღვრულია ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციის კომპონენტი, რომელიც 185 ათასი ლარით იქნება დაფინანსებული და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, რომლისთვისაც 50 ათასი ლარი დაიხარჯება.
განსაზღვრულია ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციის პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინვესტიციების მოცულობის ზრდა, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, პოპულარიზაცია/რეკლამირება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რეინვესტირების მოცულობის ზრდა. აღნიშნულის მისაღწევად, მერიას დაგეგმილი აქვს შემდეგი ღონისძიებები: საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ღონისძიებების გატარება; მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით საინვესტიციო შეთავაზებების შექმნა.