მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტარიფს უნდა იხდიდნენ Airbnb-ის გამქირავებლები - ენერგოომბუდსმენის განმარტება

5bdbf9572f7e0
BM.GE
02.11.18 10:55
1562
მომხმარებლები, რომლებიც საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიაში GWP-ის უჩივიან, რისი მიზეზიც კომპანიის მიერ მათთვის წყლის ტარიფის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით შეცვლა და ჯარიმების დაკისრებაა. მომხმარებელთა ინტერესებს სემეკ-ში ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი იცავს, რომელმაც საქმის იურიდიული დეტალების შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იმ პირებისთვის, რომლებიც Airbnb-ისა თუ Booking.com-ის მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დღიურად აქირავებენ, არასაყოფაცხოვრებო წყლის ტარიფის მიკუთვნება არასწორია. 

"ეს არის ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც პირთა ძალიან დიდ ჯგუფს ეხება, ეს ჩვენ დავინახეთ იმ სხდომებზე, სადაც საგულშემატკივროდ დადიოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ჯერ ეს არ სეხებიათ. ისინი გულშემატკივრობენ იმ ადამიანებს, რომელთაც GWP-იმ მოსთხოვა საკმაოდ სოლიდური თანხები ზიანის ანაზღაურების მიზნით.

GWP-ის არგუმენტია, რომ ეს პირები ეწევიან სამეწარმეო კომერციულ საქმიანობას. განვმარტოთ, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული კომერციული და არაკომერციული ტარიფები, ჩვენ გვაქვს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. ამიტომაც მე ვერ დავეთანხმები ვერც მათ განმარტებას და ვერც მათ შეფასებებს

პირები, რომლებიც საცხოვრებელ ფართს და საცხოვრებელი მიზნებისთვის აქირავებენ არც საგადასახადო მიზნებისთვის და არც მეწარმეთა კანონის შესაბამისად არ ითვლებიან მეწარმე პირებად. ანუ ისინი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირები არ არიან.

ჩვენ გვაქვს კანონი მეწარმეთა შესახებ, თუ როგორი სამართლებრივი ფორმით უნდა არსებობდეს პირი, რომ ის ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად. ეს არის ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხსიმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდანტური საზოგადოება და კოოპერატივი. ასე რომ თუ აი ამ კონკრეტული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებიდან არ გვყავს არცერთი, ეს ნიშნავს რომ იქ მეწარმე სუბიექტიც არ გვყავს.

ტურისტული სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან მათ მიიღეს შეთავაზება, რომ დარეგისტრირდნენ საცხოვრებელი ფართების გამქირავებელ პირთა რეესტრში. რაც ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მოწესრიგდა, რომ ჩაიწერა ამ ბრძანებაში პირთა ამ ჯგუფის შესახებ და დაერქვათ მათ ფიზკური პირები, ფიზიკური პირები, რომლებიც საცხოვრებელ ფართს საცხოვრებელი მიზნით აქირავებენ, იბეგრებიან მხოლოდ 5%-ით. მაშინ როდესაც იურიდიული პირებისთვის ასეთი პროცენტი არის საკმაოდ მაღალი.

ენერგეტიკული კანონმდებლობის მიხედვით, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის განმარტებული ასე - პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი,"- ამბობს ვარდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები