3 დღის განმავლობაში ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე, მიგრაციაზე, ენერგეტიკაზე, Brexit-ზე, საფინანსო სექტორის მომავალზე, ჩინეთის პერსპექტივაზე, კრიპტოვალუტებსა და კლიმატის ცვლილებებზე.
უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკის დელეგაცია ფორუმს არ დაესწრება, მიზეზად კი, ქვეყნის ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი Shutdown სახელდება.
რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე გაემგზავრა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, ასევე მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
პრემიერის თქმით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
"შეხვედრა გვექნება რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში ინვესტირებას. მოლაპარაკებები გაიმართება იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში თავიანთი საერთაშორისო ოფისების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება და რომლის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ მთავარ ოფისებს და რეგიონს მოემსახურებიან. ამასთან ერთად, გვექნება შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებზეც ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებზე, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ვიმედოვნებ - ნაყოფიერი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

























