საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC Georgia) და EBIT GROUP-მა საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის (GFEDI) 2026 წლის პირველი კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნეს.
კვლევამ, რომელიც ქვეყნის საგარეო ეკონომიკურ მდგრადობას ხუთი ძირითადი პარამეტრით აფასებს, აჩვენა, რომ საქართველოს საგარეო სექტორის აქტივობაში კლება ფიქსირდება როგორც კვარტალურ, ისე წლიურ ჭრილში. აღნიშნული ტენდენცია თითქმის ყველა ძირითადი კომპონენტის შემცირებამ გამოიწვია, გარდა იმპორტისა.
აღნიშნულ მონაცემებს გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში "ებიტ ჯგუფის" საკონსულტაციო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი, პაპუნა გიკორაშვილი აფასებს.
პაპუნა გიკორაშვილმა საუბრის დასაწყისში იმ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც აღნიშნული კვლევა ეყრდნობა: "საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსზე რომ ვისაუბროთ, ცოტათი მეთოდოლოგიას უნდა შევეხოთ. ეს მოიცავს როგორც ექსპორტის, იმპორტის ნაწილს, ასევე ტურიზმის, ფულადი შემოდინებების და ინვესტიციების ნაწილსაც. ანუ ეს ასახავს თითქმის სრულიად საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებას უცხოურ, მთლიან მსოფლიო ეკონომიკაზე".
მისივე განმარტებით, წინა კვარტალთან შედარებით ინდექსის შემცირება დიდწილად სეზონური ხასიათისაა, სადაც დადებითი დინამიკა მხოლოდ იმპორტის ნაწილში ნარჩუნდება.
"2025 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საგარეო ინდექსი შემცირებულია. ეს ძირითადად სეზონურობით არის გამოწვეული და ტურისტული ნაკადების შემცირებით განპირობებული, რაც მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ პირველი კვარტალი, მოგეხსენებათ, საქართველოსთვის არ არის ტურისტული სეზონი.
ყველაზე კარგი სურათი მაინც იმპორტის ჭრილში გვაქვს, იმიტომ რომ მხოლოდ იმპორტია პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილი, დანარჩენი ყველა სხვა მაჩვენებელი არის მეოთხე კვარტალთან შედარებით შემცირებულია", - აღნიშნავს პაპუნა გიკორაშვილი.
EBIT Group-ის წარმომადგენელმა BMG-ის ეთერში რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულების შემცირების დინამიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზეც ისაუბრა.
"რეკორდული მაჩვენებელი ამ ინდექსს ზუსტად 2022 წელს ჰქონდა, როდესაც ყველაზე მეტად იყო გაზრდილი რუსეთიდან შემოსული წმინდა ფულადი სახსრები. ეს წილი დროთა განმავლობაში მცირდება და დღეს თითქმის 85%-იანი კლება გვაქვს", - ამბობს ის.
გიკორაშვილის შეფასებით, რუსეთიდან ფულადი ნაკადების კლების მიუხედავად, საქართველომ დივერსიფიკაციის კუთხით მედეგობა გამოავლინა: "ფულადი ნაკადების კუთხითაც რომ შევაჯეროთ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მედეგად არის საქართველოს ეკონომიკა ამ კუთხით და ცალსახად არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ეკონომიკა დივერსიფიცირებული არ არის".
საგარეო პარტნიორების ჭრილში ექსპერტმა განსაკუთრებით ჩინეთის როლის ზრდა და აშშ-ის წილის შემცირება გამოყო, რაც იმპორტის დინამიკამ განაპირობა.
"ჩინეთთან აქტიურად მიმდინარეობს ვაჭრობა და ის ჩვენი ერთ-ერთი მზარდი პარტნიორია, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითი შედეგის მომტანი იქნება. რაც უფრო მეტად იქნება დივერსიფიცირებული სავაჭრო არეალები, მით უფრო პოზიტიურად აისახება ეს, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების წილი ამ ინდექსში ნელ-ნელა იკლებს და მეოთხე ადგილზე ის ჩინეთმა ჩაანაცვლა, რაც ასევე საყურადღებო ტენდენციაა. ეს ძირითადად ამერიკიდან იმპორტის შემცირებით არის განპირობებული, რამაც ინდექსში აშშ-ის წილის კლება გამოიწვია", - აღნიშნავს პაპუნა გიკორაშვილი.
გიკორაშვილმა ვრცლად მიმოიხილა ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკაც, რომელიც საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, თუმცა რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენას მაინც განიცდის.
"ევროკავშირთან მიმართებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში მისი წილი შედარებით მზარდია, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით. ევროკავშირთან ურთიერთობა მზარდ ტემპს ინარჩუნებს და, პირველი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, ის კვლავ ჩვენი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მთლიან ინდექსში მისი წილი დაახლოებით 10%-დან 15%-მდე მერყეობს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბაზარი ამ კუთხით დივერსიფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ერთიან ჭრილში განვიხილავთ, ის თავად არის დივერსიფიცირებული, რაც გვაძლევს საფუძველს ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით დივერსიფიკაციის საკმაოდ მაღალი დონე გვაქვს", - განაცხადა პაპუნა გიკორაშვილმა.


























