მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტენდენციები იკვეთება გლობალურ საავტომობილო ბაზარზე? - კახა ლომიძის შეფასება

კახა ლომიძე

ბოლო წლებში, საქართველო ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის ჰაბად ჩამოყალიბდა. 2021-2023 წლებში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 365%-ით გაიზარდა და 2023 წელს რეკორდული $2.126 მილიარდს მიაღწია, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ის ტოლია. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი და უცხოელი აშშ-ის აუქციონებზე ავტოდილერები ავტომობილებს ყიდულობენ, არემონტებენ და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ექსპორტზე გაჰყავთ. ამგვარად, ამ ბიზნესში ჩართული არიან არამხოლოდ ლოგისტიკური კომპანიები, არამედ გადამყიდველები და ხელოსნებიც.

ამავდროულად, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსთავში ფიქსირდება ტენდენცია, რომლის თანახმად, ერთი შეხედვით, მოთხოვნა შემცირებულია, რადგან თავად ბაზარი - გაჯერებულია. თუმცა, როგორც საქართველოს უდიდესი ავტოიმპორტიორი კომპანიის, Caucasus Auto Import-ის ბრენდ მენეჯერმა, კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, რეალური მოთხოვნა მზარდია, ხოლო ავტომობილების სიჭარბე, გარკვეულწილად, პანდემიის შედეგებთანაა დაკავშირებული.

“ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მოთხოვნის ზრდა 2022 წელს დაიწყო, ხოლო 2023 წელს კოლოსალურად დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, ხოლო გაყიდვების ტენდენცია აღმავალია. ამასთან, მოთხოვნა-მიწოდებაში მცირე ნაპრალი გაჩნდა, რომელიც ბაზარზე არსებულ ჭარბ მიწოდებასთან არის დაკავშირებული და, შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ მოთხოვნა იკლებს, მაგრამ ციფრები საწინააღმდეგოს გვაჩვენებს.

სიჭარბე, რომელიც ვახსენე, ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირდება, რაც, თავის წილ, იმითაა განპირობებული, რომ ბაზარი მოთხოვნას მომზადებული დახვდა. პანდემიის დროს, ანუ 2020-2022 წლებში, მოთხოვნა-მიწოდებაში ფიქსირდებოდა ნაპრალი, როცა ახალი ავტომობილების წარმოების მაჩვენებელი შემცირდა, რის გამოც გაიზარდა ფასები, როგორც მეორეულ, ასევე ახალ ავტომობილებზე. შესაბამისად, ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა.

საპირწონედ ამისა, 2022 წელს, ბაზარი მოთხოვნას მომზადებული დახვდა და ახლაც კი, როცა მოთხოვნა იზრდება - მზად ვართ. ბაზარზე ავტომობილების სიჭარბე საგანგაშო არ არის, რადგან ამ საკითხს ბაზარი დაარეგულირებს”, - აღნიშნა კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში.

Caucasus Auto Import-ის ბრენდ მენეჯერმა BMG-სთან ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ამერიკულ სადაზღვევო აუქციონებზე ფასების კლების დინამიკა ფიქსირდება.

“საქართველო, როგორც რეგიონული ჰაბი ევროპასა და აზიას შორის - სატრანზიტო დერეფნის როლს კარგად ასრულებს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საავტომობილო აუქციონებზე საქართველო ძალიან დიდი მოთამაშეა. 2022 წელს ფასები გლობალურად იყო გაზრდილი, მათ შორის ამერიკულ აუქციონებზეც, მაგრამ ახლა, ვითარება დარეგულირდა და სადაზღვევო აუქციონებზე წინა თვეებთან შედარებით კლებაც კი ფიქსირდება, რაც მოგვიანებით, ქართულ ბაზარზე არსებულ ფასებზეც აისახება”, - განაცხადა კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები