მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თქვა და რა გააკეთა ეუთოს თავმჯდომარემ, რომელთანაც ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გააუქმა

ეუთოს თავმჯდომარე

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, მიზეზი გახდა „ეუთოს თავმჯდომარის მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო მიტინგში და ცრუ განცხადებები“, რომლებიც ვალტონენმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გააკეთა.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

რა თქვა და რა გააკეთა ეუთოს თავმჯდომარემ?

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა შეხვედრები როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ისე "ოცნების" მთავრობის წევრებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვალტონენმა ეუთოს მიერ დაფიქსირებულ მთავარ შეშფოთებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმში (IPRM) მონაწილეობის კუთხით, თუმცა ქვეყანაში შექმნილი შიდა ვითარება მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „დამოუკიდებელ ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებზე წნეხზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი დაკავებულია“. ვალტონენის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება არ წარმოადგენს საფრთხეს სტაბილურობისთვის, არამედ დემოკრატიული მედეგობის მნიშვნელოვანი წყაროა.

„მოვუწოდებთ თავისუფალი, სამართლიანი და პროპორციული სამართლებრივი პროცედურებისკენ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დაპატიმრებულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებისთვის“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ.

ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორგანიზაციას სურს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვოს გამოსავალი კრიზისიდან და აღადგინოს ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მისი თქმით, ქვეყანაში ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მომავალზე მიმართულ გადაწყვეტილებებში.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ქმედებებს და აღნიშნა, რომ ფინეთი ჯერ კიდევ მაშინ აფიქსირებდა პოზიციას რუსეთის აგრესიის შესახებ და არა მხოლოდ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გუშინვე პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების კითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ვალტონენი 15 ოქტომბერს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზს ესტუმრება, სადაც მას მეგზურობას ევროკავშირის მონიტორინგის მისია გაუწევს და თან არ ახლდება "ოცნების" ხელისუფლების არც ერთი წევრი, მათ შორის არც ბოჭორიშვილი, რომელიც პრესკონფერენციას ეუთოს თავმჯდომარესთან ერთად მართავდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და თავად ნახოს იქ არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ჰქონდეს სწორი აღქმები იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქვს. ფინეთი იმავდროულად არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელშიც ასევე ფინეთის მოქალაქეები წარმოდგენილი, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ეს მისია არის საქართველოში და დღესდღეობით ჩვენთვის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც ადგილზე უწევს მონიტორინგს არსებულ სიტუაციას და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აქვს შესაძლებლობა ასევე გაუწიოს მეგზურობა და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საქართველოს საოკუპაციო ხაზზე“.

პრესკონფერენციის შემდეგ, ვოლტონენი მივიდა რუსთაველზე, აქციაზე დელეგაციის წევრებთან ერთად. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელ X-ზე აქციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა პროტესტის მონაწილეთა მიმართ.

„მე თბილისში ვარ, პარლამენტის შენობის წინ. აქ იკრიბება მშვიდობიანი დემონსტრაცია. ნელ-ნელა უამრავი ხალხი მოდის. აფრიალებენ ევროკავშირის, ნატოს და როგორც ჩანს, ფინეთის დროშებსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოს დროშას. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია გეზით, რომელსაც ეს ქვეყანა იღებს ხალხისთვის ძირითადი თავისუფლებების წართმევით, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებით და შეკრების თავისუფლებით. იმის თქმაც კი ზედმეტია, რომ ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ მათ მხარდასაჭერად“.

ვალტონენი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდა. ამის შესახებ მან პლატფომრა X-ზე დაწერა და შეხვედრის ფოტოც გამოაქვეყნა.

„მქონდა პატივი, თბილისში შევხვედროდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის სივრცე საქართველოში საგანგაშო ტემპით იკლებს. ფინეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მათ დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“.

ვოლტონენს დღეს მხოლოდ კობახიძესთან შსეხვედრა და საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა ჰქონდა დაგეგმილი. რადგან კობახიძემ შეხვედრა გააუქმა, ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შემდეგ დღეს დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები