მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა წერია დიდი შვიდეულის ლიდერების მიერ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში?

დიდი შვიდეული

ევიანში ჩატარებული G7-ის რიგით 52-ე სამიტის მიწურულს დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია დაამტკიცეს. მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მოაწერა.

დოკუმენტში საუბარია უკრაინისადმი სამხედრო და ენერგეტიკული დახმარების მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე. პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ომში მყოფ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან, ამასთან, დაიწყებენ შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემასა და სამხედრო წარმოების ლიცენზიების გაფართოებაზე მსჯელობას. პარალელურად, ლიდერები მომავალი ზამთრისთვის უკრაინის ენერგეტიკულ მდგრადობაზეც იზრუნებენ. G7-ის ლიდერები ერთობლივ დეკლარაციაში თანხმდებიან იმაზეც, რომ ისინი რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე ზეწოლას გაზრდიან და ენერგეტიკულ სექტორში სანქციებს გაამკაცრებენ.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების მიერ მიღებულ მთავარ დოკუმენტში დიდი ადგილი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას უკავია. ლიდერები მიელსამნენ აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ შეთანხმებას. შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა ჩამოერთმევა. როგორც დოკუმენტში წერია, დადებული გარიგება რეგიონულ საფრთხეებს შეამცირებს, ბალისტიკური რაკეტების გამოყენების რისკებს კი მინიმუმამდე დაიყვანს. G7-ის ლიდერებმა დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი საზღვაო მიმოსვლა უნდა აღდგეს. ამ მიზნით, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გამოთქვეს მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ სავაჭრო გემების უსაფრთხოებასა და შეუზღუდავ საზღვაო მიმოსვლაში.

რაც შეეხება სხვა რეგიონულ კონფლიქტებს, დეკლარაცია შეეხო ლიბანში არსებულ ვითარებასაც. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ კი განიარაღდეს. ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერენ მხარს. დადებულ ერთობლივ დეკლარაციაში საუბარია პალესტინაზეც. კერძოდ, მხარეები თანხმდებიან, რომ ღაზასს სექტორში ჰუმანიტარული და აღდგენითი სამუშაოები უნდა დაჩქარდეს, რაც შეეხება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, იქ ისრაელელ და პალესტინელ სამოქალაქო თუ სამხედრო პირებს შორის დაპირისპირება უნდა დასრულდეს.

დასასრულს, დოკუმენტში საუბრია ჰორმუზის სრუტეზე გლობალური დამოკიდებულების შემცირების გეგმებზეც, რომელთა თანახმადაც G7-ის წევრები ენერგორესურსების ალტერნატიული მარშრუტების ათვისებას და მარაგების გაზრდას აქტიურად დაიწყებენ.

ცნობისთვის, დიდი შვიდეული მსოფლიოს წამყვან განვითარებულ ეკონომიკებს აერთიანებს. საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ერთობლივი პოზიციების დაფიქსირება კი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები